ავტორი: ანა ლომთაძე
ბრიუსელის გეგმას, ტერორისტული ორგანიზაციების ადგილმდებარეობად ცნოს უკრაინის თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ყველა არ უჭერს მხარს. ევროკავშირის დიპლომატთა თქმით, ეს გეგმა ჯერჯერობით „სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“.
თუ ევროკავშირი პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს ტერორისტთა სიაში შეიყვანს, მაშინ მას უფლება ექნება გაყინოს მეამბოხეთა საბანკო ანგარიშები და აუკრძალოს მათ საბანკო გადარიცხვების შესრულება. ამასთან, ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირი ოფიციალურად გაიზიარებს კონფლიქტის იმ ინტერპრეტაციას, რომელსაც უკრაინის მთავრობა უჭერს მხარს. კიევი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლას „ანტიტერორისტულ ოპერაციად“ მოიხსენიებს, მოსკოვი და თავად მეამბოხეები კი კიევს სდებენ ბრალს დანაშაულებრივ ქმედებებში.
გაერო და საერთაშორისო უფლებადამცველთა ორგანიზაციები „ამნესტი ინტერნეიშენალი“ და „ჰიუმან რაითს უოჩი“ როგორც კიევს, ისე მეამბოხეთა ჯგუფებს ადამიანთა წამებასა და სამოქალაქო პირთა დასახლებების დაბომბვაში ადანაშაულებენ.
21 იანვარს, ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ ასე უპასუხა ამერიკაში უკრაინის ელჩის კითხვას, ჩათვლიდა თუ არა საბოლოოდ ევროკავშირი პრორუს მეამბოხეებს ტერორისტებად:
„როდესაც საქმე მიდგება სეპარატისტების შეფასებაზე, ჩვენ ეს უკვე რამდენჯერმე განვიხილეთ ევროსაბჭოში და ყოველთვის ერთსა და იმავე დასკვნამდე მივდივართ - მსგავსი შეფასებების გაკეთება ჩვენი საქმე არ არის. ჩვენი საქმეა - და ამის ახსნა წარსულშიც მიცდია - ვეცადოთ და მხარი დავუჭიროთ თქვენს ძალისხმევას, რათა მივაღწიოთ კონფლიქტის გადაწყვეტას“.
მაგრამ მოგერინის განცხადებიდან 3 დღის შემდეგ, 24 იანვარს, უკრაინაში კრიზისი გამწვავდა. ქალაქ მარიუპოლში მოხდა დაბომბვა, რასაც 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათობით ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. სამოქალაქო პირთა მიერ დასახლებული ტერიტორიების მიზანში ამოღება ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონებს. გაეროს ინფორმაციით, რაკეტული თავდასხმა სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა. იმის მიუხედავად, რომ 24 იანვარს ალექსანდრ ზახარჩენკომ, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, დაადასტურა,
რომ მარიუპოლზე შეტევა სეპარატისტებმა მოაწყვეს, სხვა მეამბოხეებმა კიევს დასდეს ბრალი.
სწორედ მარიუპოლზე თავდასხმა გახდა ევროკავშირის მიერ ახალ სანქციებზე ფიქრის საფუძველი. 27 იანვარს ევროკავშირმა ოფიციალურად
დაგმო მარიუპოლზე შეტევა და აღნიშნა, რომ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს რუსეთის უწყვეტ და გაზრდილ მხარდაჭერას სეპარატისტების მიმართ.
ევროკავშირის ლიდერებმა წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს სთხოვეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი და გამკაცრებული ზომები შეიმუშაონ. ასეთი ზომების მიზანია საომარი მოქმედებების დასრულების დაჩქარება.
მინისტრები ერთმანეთს 29 იანვარს ბრიუსელში შეხვდებიან. ისინი რუსეთის მიმართ სადამსჯელო ზომების შესახებ გასცემენ რეკომენდაციებს, რომლებიც შემდეგ ევროკავშირის სამიტზე იქნება განხილული. საუბარი სეპარატისტების ტერორისტებად მოხსენიებაზე ჯერ კიდევ ადრეა, მაგრამ ევროკავშირის რამდენიმე დიპლომატმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, სადამსჯელო ზომები მოიცავს განახლებულ სიას იმ ადამიანებისა, რომლებზეც დაწესდება სავიზო და საბანკო გადარიცხვების აკრძალვები.
ბრიუსელში შეხვედრამდე სულ ცოტა ხნით ადრე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკიავიჩუსმა განაცხადა:
„უკრაინიდან გუშინ დავბრუნდი და უკრაინელები ელიან, რომ ჩვენს გზას არ გადავუხვევთ და თანმიმდევრულები ვიქნებით. დამატებით სანქციებს დავაწესებთ, რადგან მარიუპოლის შემთხვევის შემდეგ უკვე ძალიან რთულია ამ მოვლენებს „ტერორისტული ქმედების“ გარდა რაიმე სხვა უწოდო. როგორც შევთანხმდით, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები.“
რუსეთის მიმართ გამკაცრებულ ზომებს შორის კი, შეიძლება იყოს სანქციები, რომლებიც კონკრეტულად რუსეთის ნავთობისა და ფინანსური სექტორის წინააღმდეგ იქნება მიმართული. კერძოდ, განიხილება რუსეთის ბანკების გათიშვა ბელგიური გადახდის სისტემა „სვიფტიდან“, რომელიც ბანკთაშორისი ტრანსაქციებისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მთავარი საერთაშორისო ქსელია.
ამაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევს, რომელმაც პირობა მისცა დასავლეთს, რომ, „სვიფტიდან“ რუსეთის გარიცხვის შემთხვევაში, მოსკოვის პასუხს „საზღვრები არ ექნება“.
ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ერთმანეთის მსგავსი სანქციების დაწესებას გეგმავენ რუსეთის წინააღმდეგ. 25 იანვარს, ნიუ-დელიში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა:
„ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ბოლო დარღვევით და იმ აგრესიით, რომელსაც ეს სეპარატისტები - რუსეთის მხარდაჭერით, იარაღით, დაფინანსებით, მომზადებითა და რუსი სამხედროების დახმარებით - ახორციელებენ. ჩვენ გავაგრძელებთ იმ პოლიტიკის გატარებას, რომელიც წარსულშიც გვქონდა, ანუ გავაძლიერებთ ზეწოლას რუსეთზე. სამხედრო კონფრონტაციის გარდა, მე მზად ვარ განვიხილო ყველა სხვა დამატებითი ვარიანტი, რომელიც დაგვეხმარება ამ საკითხის მოგვარებაში“.
აშშ-ის ერთ-ერთმა კონგრესმენმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „სვიფტიდან“ რუსეთის გარიცხვა ე.წ. „ბირთვული ვარიანტია“, რადგან, მაგალითად, ირანისგან განსხვავებით, რუსეთი გაცილებით უფრო ინტეგრირებულია საერთაშორისო ეკონომიკაში.
რუსეთის წინააღმდეგ ერთიან სანქციებზე შეთანხმება ევროკავშირშიც არ იქნება ადვილი. 27 იანვარს საბერძნეთის მთავრობის ახალმა მეთაურმა, ალექსის ციპრასმა, განაცხადა, რომ საერთოდ არ უჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების იდეას. ამასთან, მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ბრიუსელში ამ საკითხთან დაკავშირებით საბერძნეთს აზრი სულ არ ჰკითხეს.