ყოველკვირეულ პროგრამა „ახალ ევროპაში“ ამჯერად საუბარი შეეხება ევროკავშირის გეგმას, მოლაპარაკება დაიწყოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან - მოსკოვის ინიციატივით შექმნილ გაერთიანებასთან. მიზეზია ევროკავშირის სურვილი, თავიდან აიცილოს რუსეთთან დაპირისპირების გამწვავება მას შემდეგ, რაც იანვარში ძალაში შევა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უკრაინასთან დადებული შეთანხმება.
როგორც ბრიუსელიდან იუწყება ჩვენი რადიოს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი, ევროკავშირის დიპლომატები აპირებენ რუსეთთან შერიგებისაკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმას, რათა თავიდან აიცილონ ურთიერთობაში პრობლემების კიდევ უფრო გამწვავება.
გამწვავება კი შესაძლოა მოჰყვეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირის და უკრაინის ხელშეკრულების ძალაში შესვლას იანვარში, ანუ თვე-ნახევარზე ნაკლებ დროში. მოსკოვი ყოველთვის იყო ამ ხელშეკრულების წინააღმდეგი.
ჩვენმა კორესპონდენტმა ბრიუსელში უკვე რამდენიმე დიპლომატთან საუბრისას მოისმინა ინფორმაცია, რომ მხარდამჭერები ჰყავს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან ევროკავშირის მოლაპარაკების იდეას. ამ იდეის მომხრეების აზრით, მოსკოვის ინიციატივით შექმნილ ბლოკთან პირდაპირი მოლაპარაკება კარს გაუხსნიდა სხვა საკითხებში რუსეთთან თანამშრომლობის გააქტიურებასაც. ეს ეხება, უწინარეს ყოვლისა, თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ ახალი ძალით გამწვავებული პრობლემის ფონზე.
ყოველთვის, ყოველთვის არსებობდა ეჭვები ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის დიალოგის გარშემო ბევრი მიზეზის გამო და გულახდილად რომ ვთქვა, მგონია, რომ ახლა ამის დრო არ არის. იდეა ხალხის, რომელიც გარკვეული წინადადებით გამოდის დაშოშმინების მიზნით, ეს არის არასწორი იდეა...ლინას ლინკევიჩიუსი
მაგრამ ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში ეჭვით უყურებენ ევრაზიულ გაერთიანებასთან ურთიერთობის საკითხს. შეგახსენებთ, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რომელშიც დომინანტურ როლს რუსეთი ასრულებს, 2015 წლის 1 იანვრიდან არსებობს და აერთიანებს ხუთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას: რუსეთთან ერთად, სომხეთს, ბელორუსიას, ყაზახეთს და ყირგიზეთს. აქამდე ევროკავშირი თავს არიდებდა პირდაპირ დიალოგს ბლოკთან, რომელიც მიჩნეულია მოსკოვის ბერკეტად, პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა მოახდინოს მეზობელ სახელმწიფოებზე და ზოგის თვალში არის საბჭოთა კავშირის გარკვეული ფორმით აღდგენის მცდელობა.
მოსკოვის ინტერესებიდან გამომდინარე შექმნილ ბლოკთან რაიმე სახით დაახლოებას საჭიროდ არ მიიჩნევს, მაგალითად, ლიტვა - ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა.
„ყოველთვის, ყოველთვის არსებობდა ეჭვები ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის დიალოგის გარშემო ბევრი მიზეზის გამო და გულახდილად რომ ვთქვა, მგონია, რომ ახლა ამის დრო არ არის. იდეა ხალხის, რომელიც გარკვეული წინადადებით გამოდის დაშოშმინების მიზნით, ეს არის არასწორი იდეა“, ამბობს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი.
ბევრი იზიარებს შეფასებას, რომ რუსეთმა ეკონომიკური ზეწოლა მოახდინა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან მათ მისაერთებლად.
მაგალითად, სომხეთის შემთხვევაში მოხდა ის, რომ ერევანი ემზადებოდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოსაწერად, მაგრამ, ოთხი წლის მიზანმიმართული მუშაობის მიუხედავად, 2013 წლის სექტემბერში უეცრად გამოაცხადა, რომ აღარ აპირებდა ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერას, სამაგიეროდ, გაწევრიანდებოდა ევრაზიის კავშირში (მაშინდელ საბაჟო კავშირში).
როგორც ცნობილია, განსხვავებულად განვითარდა მოვლენები უკრაინაში მას შემდეგ, რაც 2013 წლის ნოემბერში მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმაც, უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. 21 ნოემბრის საღამოს კიევის ცენტრში დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლებსაც საბოლოოდ იანუკოვიჩის მმართველობის დამხობა მოჰყვა. თავად იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა.
კარგად არის ცნობილი ისიც, რაც ამის შემდეგ მოხდა: რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია განახორციელა, რის საპასუხოდაც ევროკავშირმა ეკონომიკური სანქციები დაუწესა მოსკოვს, ხოლო კიევმა და ბრიუსელმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას. ამასთან, დროებით ხელმოუწერელი დარჩა თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულება, მის მიმართ რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულების გამო. ხელმოწერამდე საქმე მივიდა 2014 წლის მაისში, რადგან ამჯერად რუსეთმაც მიიღო მონაწილეობა უკრაინა-ევროკომისიის მოლაპარაკებაში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. ის ძალაში უნდა შევიდეს 2016 წლის 1 იანვარს.
იდეას, რომ ევროკავშირმა შესაძლოა დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკება ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან, განსაკუთრებით უარყოფითად აფასებენ ევროკავშირის აღმოსავლეთევროპელი წევრები, რომლებისთვისაც მიუღებელია მოსკოვთან დაახლოება მის მიმართ ეკონომიკური სანქციების ფონზე.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეჭვობს, რომ რუსეთთან დათმობაზე წასვლა პოზიტიურ შედეგს მოიტანს: „ვინ იძლევა გარანტიას, რომ ასე მოხდება? ყოველთვის სკეპტიკური ვარ, როცა ასეთ საკითხში გარიგება ხდება. ჩვენ ცუდს არაფერს ვაკეთებთ, არაფერს ვაკეთებთ ამ ქვეყნების წინააღმდეგ, არ ვაწესებთ რაიმე შეზღუდვებს რუსეთთან მიმართებით. რატომ უნდა გავაკეთოთ სხვა რამე იმისათვის, რომ ვასიამოვნოთ?“
რუსეთმა 2013 წელს დააწესა სანქციები უკრაინიდან ზოგი პროდუქტის, მათ შორის, რძის ნაწარმის იმპორტზე, წელს კი დაიმუქრა, რომ მთლიანად აკრძალავს უკრაინიდან სურსათის შეტანას, თუ ევროკავშირი და უკრაინა არ შეიტანენ მოსკოვისათვის სასურველ (მაგალითად, საბაჟო კონტროლთან და სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ) ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში.
თუ რუსეთი მუქარას შეასრულებს, ვარაუდობენ, რომ უკრაინა წელიწადში 1,5 მილიარდი ევროთი დაზარალდება.