ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, მაგრამ ახლა უკვე განახლებული დოკუმენტის შესაბამისად. ევროპის განახლებული სამეზობლო პოლიტიკა ოთხშაბათს ბრიუსელში ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ წარადგინეს. თითქმის 9–თვიანი საყოველთაო კონსულტაციების შემდეგ, 18 ნოემბერს ბრიუსელში გამოქვეყნებული დოკუმენტი, 19 ნოემბერს – თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობაში განმარტეს. ითქვა, რომ საქართველოსთვის, როგორც აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მოწინავე ქვეყნისთვის, განსაკუთრებით საყურადღებო უნდა იყოს ევროკავშირის მიერ შეთავაზებული ინდივიდუალური თანამშრომლობის შესაძლებლობები. რას გულისხმობს ევროკავშირის ახლებური მიდგომები სამხრეთისა თუ აღმოსავლეთის მეზობლებთან, გამართლდა თუ არა დოკუმენტზე მუშაობის დროს წარმოშობილი ეჭვები და რა შეიცვლება საქართველოსთვის?
სტაბილურობა, დიფერენცირებული მიდგომა და პასუხისმგებლობის აღება – ამ სამ ძირითად ასპექტს ეფუძნება ევროპის განახლებული სამეზობლო პოლიტიკა, რომლის არსსაც ხუთშაბათს თბილისში განმარტავდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ელჩის მოადგილე კარლო ნატალე. ბრიუსელშიც ითქვა და თბილისშიც განმეორდა, რომ ევროკავშირი კვლავაც საგანგებო ყურადღებას დაუთმობს უნივერსალური ღირებულებების გავრცელებას, დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერასა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, ხოლო ამ ყველაფრის მიზანს სტაბილური და მშვიდობიანი სამეზობლო წარმოადგენს:
„როდესაც ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ამოქმედდა (2004 წელს), თავდაპირველ მიზანს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა წარმოადგენდა, რაც იყო ერთობლივად შეთანხმებული პარტნიორ ქვეყნებთან, ევროკავშირის დახმარებით. ამჟამად, პარტნიორი ქვეყნების ნაწილი წარმოადგენს საფრთხის სამიზნეს, რაც აფერხებს რეფორმებსა და ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. შესაბამისად, ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, განახლებული პოლიტიკა ცდილობს გამონახოს გზები, რათა წაახალისოს ანგარიშვალდებული და კარგი მმართველობა და ასევე მხარი დაუჭიროს ეკონომიკურ განვითარებას, როგორც ძირითად ფაქტორს სტაბილურობის მისაღწევად სამეზობლოში“.
როგორც კარლო ნატალემ განმარტა, ევროკავშირის მიერ სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად განხილული ეკონომიკური კეთილდღეობადიდწილად ახალგაზრდების დასაქმებასა და მათი უნარების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით განახლებულ დოკუმენტში ერთ-ერთ მძლავრ ინსტრუმენტად სახელდება ხელმისაწვდომობა ევროკავშირის 500-მილიონიან სამომხმარებლო ბაზარზე. თუმცა სამეზობლოს ქვეყნებს, რომლებსაც არ სურთ შეუერთდნენ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პროცესს, ევროკავშირი შესთავაზებს ურთიერთსასარგებლო და მოქნილ ალტერნატიულ შეთანხმებებს, ხოლო სამეზობლოს ის ქვეყნები, რომელთათვისაც მისაღებია თავისუფალი ვაჭრობის პრინციპები, საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მსგავსად, ევროკავშირთან თანამშრომლობას ამ მიმართულებით განაგრძობენ. დოკუმენტში ასევე საუბარია სამომავლო აქტიურ თანამშრომლობაზე ენერგეტიკულ სფეროშიც.
სამეზობლოში სტაბილურობის მიღწევის მიზანს ევროკავშირი მომავალი წლების პრიორიტეტად რომ შეარჩევდა, ამაში ეჭვი არ ეპარებოდა დამოუკიდებელ ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის
უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და ევროკავშირის მოტივაციაზე ამახვილებს ყურადღებას:
საერთოდ არ არის ნახსენები, მაგალითად, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ისევე როგორც საერთოდ არ არის ნახსენები დნესტრისპირეთი... უკრაინა პირდაპირ არის დასახელებული, როგორც რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის მსხვერპლი და საუბარია იმაზე, რომ რუსეთმა მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსია და დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში...ვანო ჩხიკვაძე
„სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო, იმ ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ, რაც დღეს საერთაშორისო არენაზე ხდება: ISIS–ის („ისლამური სახელმწიფოს“) გააქტიურება, ზოგადად ტერორიზმის პრობლემა, ასევე რუსეთის როლი პოსტსაბჭოთა სივრცეში და სხვა კიდევ არაერთი გამოწვევა – ევროპა დაინტერესებულია იმაში, რომ მის სამეზობლოში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა. ეს ძალიან ბუნებრივი მოთხოვნა და ინტერესია, რომ მისი საზღვრების პერიმეტრი არ იყოს მისთვის საფრთხეების წყარო“.
მარტში, როცა ევროკავშირმა საყოველთაო კონსულტაციების პროცესი დაიწყო, ბევრმა ეჭვის თვალით შეხედა ბრიუსელის განზრახვას, გადაესინჯა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის 2004 წელს ამოქმედებული პრინციპები. 4 მარტს გამოქვეყნდა „ერთობლივი საკონსულტაციო ფურცელი“, რომელში დასმულმა აქცენტებმაც არაერთი შეკითხვა გააჩინა და მათ შორის ასეთიც: ხომ არ ცდილობს ბრიუსელი ურთიერთობების გაღრმავებას რუსეთთან და ხომ არ დაზარალდება ამ პროცესში საქართველოს ინტერესები?
ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ 18 ნოემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში რუსეთის ფედერაციის აგრესია რეალობის შესაბამისად არ არის შეფასებული და, როგორც, მაგალითად, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, დოკუმენტში არ არის ასახული საქართველოსთვის ერთი მეტად პრინციპული საკითხი, რაც ოკუპაციის პრობლემას უკავშირდება:
„საერთოდ არ არის ნახსენები, მაგალითად, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ისევე როგორც საერთოდ არ არის ნახსენები დნესტრისპირეთი... უკრაინა პირდაპირ არის დასახელებული, როგორც რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის მსხვერპლი და საუბარია იმაზე, რომ რუსეთმა მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსია და დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში... ტერმინ „პროპაგანდას“ საერთოდ თავს არიდებს ევროკავშირი და ასევე თავს არიდებს, რომ დაასახელოს რუსეთი, როგორც პროპაგანდის წყარო“.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები დოკუმენტში მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებად არის მოხსენიებული და ასეა, მაგალითად, საგანმანათლებლო ჭრილში, როდესაც საუბარია „Erasmus +“–ის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების მინიჭებაზე. გარდა ამისა, როგორც ვანო ჩხიკვაძე აღნიშნავს, განახლებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ითვალისწინებს მესამე ქვეყნების ჩართულობას ევროპის სამეზობლოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში და აქ, სავარაუდოდ, იგულისხმება სწორედ რუსეთთან თანამშრომლობა. განახლებული პოლიტიკის თანახმად, სავარაუდოდ, ასევე რუსეთთან თანამშრომლობაა გათვალისწინებული რეგიონალური მნიშვნელობის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებითაც. სავარაუდო საკითხები დაკონკრეტებული არ არის.
18 ნოემბერს ბრიუსელში წარდგენილი დოკუმენტი საბოლოო სახეს არ ატარებს. როგორც ევროკავშირი იტყობინება, ამით დასრულდა საყოველთაო კონსულტაციების პროცესი და წარდგენილი წინადადებები მომავალი თვეების განმავლობაში განხილული იქნება ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან იმისთვის, რომ ერთობლივად განისაზღვროს პრიორიტეტები და სამომავლო ურთიერთობები.
რაც შეეხება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გადასინჯვისადმი მიძღვნილ საყოველთაო კონსულტაციების თითქმის 9-თვიან პროცესს, მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ევროკავშირის წევრი და მისი პარტნიორი ქვეყნების ლიდერები, ასევე სამოქალაქო სექტორის, ბიზნესისა თუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები.