ახალი წელი - ეთნიკური სხვაობით და საერთო ტრადიციებით

საახალწლო ნაძვიხე თბილისში

ახალ წელს, 31 დეკემბრის ღამით, საქართველოში მცხოვრები ებრაელები, სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები, რუსები, აფხაზები, ქურთები თუ სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები ქართველებთან ერთად ზეიმობენ დღესასწაულს - მიუხედავად იმისა, რომ ამ ხალხებიდან ზოგი ახალი წლის ათვლას სულ სხვა დროს, სხვა სეზონზე იწყებს, სხვანაირი ტრადიციებით აღნიშნავს, 31 დეკემბრის ღამით მაინც ერთიანდება საზეიმო განწყობით. ვინ როგორ აღნიშნავს ახალი წელს, რა განასხვავებს და, პირიქით, რა მსგავსებაა რიტუალებს შორის და რა იმედებით ხვდებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები დამდეგ 2017 წელს?

Your browser doesn’t support HTML5

ახალი წელი - ეთნიკური სხვაობით და საერთო ტრადიციებით

საქართველოში მცხოვრები ებრაელები ახალი წლის დადგომას, როგორც წესი, სექტემბერში აღნიშნავენ, თუმცა ზეიმობენ 31 დეკემბერსაც. მიხეილ სანდლერის ოჯახისთვის ეს სიმბოლური დღეც არის - ამ დღეს ოჯახის ყველა წევრი ერთადაა.

საჩუქრები, ნაძვის ხე, საახალწლო სუფრის მზადება. პირველ იანვარს კი სანდლერები სტუმრებს მასპინძლობენ. უკვე ტრადიციულად, სწორედ მათ სახლში იყრიან თავს მათი მეგობრები. ბოლო რამდენიმე წელია სიხარულს საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული უფროსი შვილის, მარკის, დაბრუნებაც აძლიერებს ხოლმე:

თბილისის სინაგოგა

„მარკი ამერიკაში სწავლობს. ახალ წელს ჩამოდის ხოლმე და ახალ წელსაც ასე ერთად ვხვდებით - სუფრა ქართული სუფრისგან არ განსხვავდება. ჩვეულებრივ, ჩვენც ვამზადებთ ხოლმე საცივს, ქათამს, სალათებს. ზოგჯერ ახალი წლის ღამესაც მოდის სტუმარი, მაგრამ ძირითადად უფრო მეორე დღეს ვმასპინძლობთ ხოლმე. ნაძვის ხესაც ვრთავთ და ახალი სათამაშოების ყიდვასაც ვცდილობთ ყოველ წელს. ცხადია, საჩუქრების გარეშეც არ გამოდის. საჩუქრები უფრო ჩემი მეუღლის პრეროგატივაა ხოლმე. მეც რაღაცას ვცდილობ ხოლმე“.

ერთი უცვლელი საახალწლო კულინარიული რიტუალის შესრულება მიხეილ სანდლერსაც აკისრია - თუ სხვები გოზინაყს აკეთებენ, სანდლერების ოჯახში ეს რიტუალი პაშტეტის მომზადებაა, თანაც, დედის გამოცდილი რეცეპტით. იქნებ თქვენც გამოგადგეთ:

„დაგჭირდებათ ერთი კილო ხბოს ღვიძლი, 500 გრამი კარაქი, 2 სტაფილო, 4 კვერცხი, დაფნა და შავი პილპილის მარცვლები. ღვიძლი ამ ყველა ინგრედიენტთან ერთად იხარშება, ეცვლება წყალი. კარგად რომ მოიხარშება, ორჯერ ტარდება მანქანაში, ემატება კარაქი და მარილი და კარგად ითქვიფება მიქსერით“.

ნაილი გოჯაევის ოჯახში ახალ წელს აზერბაიჯანული ჰანგების თანხლებით ხვდებიან. ნაილის პაპა თავის საყვარელ მუღამს რთავს და მთელი ოჯახი ზეიმობს:

აზერბაიჯანული ფოლკლორი

„12-ის მერე ჩვენც გვიხარია, მაშხალებს ვისვრით ხოლმე, ნაძვის ხესაც ვდგამთ. მერე პაპა ჩართავს ხოლმე თავის მუღამებს ან რამე სხვა საცეკვაო მუსიკას და მთელი ოჯახი ვცეკვავთ“.

აზერბაიჯანელების ოჯახშიც ამ ახალ წელს თითქმის ისეთივე წესით ხვდებიან, როგორც ქართულ ოჯახებში. გაზაფხულზე მათ თავიანთი ტრადიციული ნოვრუზ ბაირამი აქვთ სადღესასწაულო. ნაილი გოჯაევი მათი სუფრის განსაკუთრებული კერძის რეცეპტს ჩვენც გვიზიარებს - ახალ წელს სუფრაზე ტკბილი ფლავი უნდა იდოს:

„ჯერ ბრინჯი უნდა მოვხარშოთ, მერე ტკბილეულის შარბათს ვაკეთებთ მსხვილი ქიშმიშით და ამ მასას მოხარშულ ბრინჯში ვურევთ. მნიშვნელოვანია, რომ ბრინჯი ქათქათა უნდა იყოს, რომ ლამაზი გამოჩნდეს და, სურვილის მიხედვით, შეიძლება სტაფილოს დამატებაც“.

12 საათი რომ გახდება, ყველა ოსი შინ უნდა იყოს. მანამდე შეიძლება გარეთ ცეცხლიც დაანთონ, ნაძვის ხე დადგან სახლების წინ, ახალი წლის განწყობა შეიქმნან, მაგრამ 12-ზე ყველა სახლში უნდა შეხვდეს. ზარინა გიგოლაევა გვეუბნება, რომ ოსურ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს სამი ხაბიზგინა და მწვადი:

„ჩვენთანაც წინა დღეებში დაიწყებენ ხოლმე მზადებას, ნაძვის ხეს მორთავენ, საახალწლო სუფრას დაგეგმავენ. დღისით ყველა გარეთ არის ხოლმე, თითქოს იქ ელოდებიან, მერე კი, როგორც კი 12 ხდება, სახლში, ოჯახთან ერთად ხვდებიან და ზეიმობენ ისე, როგორც ყველა“.

არის კიდევ ერთი წესი, რომელსაც ოსები იცავენ და რომელსაც ჰქვია ბინათიხცავ (ფუძის ანგელოზის დღე) - ახალი წლის პირველ ოთხშაბათს ისინი სუფრას შლიან, რომელზეც აუცილებალდ უნდა იყოს მამალი:

„ადრე თხას კლავდნენ, ახლა უფრო ქათამს ამზადებენ, ოღონდ აუცილებლად მამალი უნდა იყოს. ოღონდ ოჯახის წევრების გარდა ეს მამალი არავინ უნდა მიირთვას. თუ ქალი გათხოვილია და სტუმრად ეწვია, მასაც კი არა აქვს უფლება ამ კერძის გასინჯვისა“.

აფხაზები საახალწლოდ თავს იმ ოჯახში მოიყრიან ხოლმე, სადაც უხუცესი წევრები ცხოვრობენ.

„რადგან მე ვარ ოჯახის უფროსი, ყველანი ჩემთან მოდიან ხოლმე, ერთად ვართ, ვზეიმობთ, კარგ განწყობას ვიბედებთ, მერე ჩვენ მივდივართ ხოლმე სტუმრად ჩვენი ტკბილეულით“, - მოგვითხრობს აფხაზ ქალთა კავშირ „ამრას“ ხელმძღვანელი ადა ქუთელია. აფხაზური საახალწლო სუფრის გამორჩეული კერძი ამგვაჩაფაა:

„ეს არის აჯიკით, ქინძით, კარაქით შეკმაზული სახაშე მასალა, რომელიც ძალიან გემრიელია ღომთან ერთად. მისი მომზადება არც ისე იოლია, ამიტომაც მას ასე გამორჩეულ დღეებში ვამზადებთ ხოლმე. საშობაოდ მამალს ვკლავთ ხოლმე, თუმცა ახლა შვილიშვილი მეუბნება, რომ წელს მამლის წელი მოდის და დაკვლა არ შეიძლება“.

საქართველოში მცხოვრები პონტოელი ბერძნების დღემდე შემორჩენილ საახალწლო ტრადიციებზე დიანა ანფიმიადმა მოგვითხრო. თურმე, იმ სოფლებში, სადაც ბერძნები ცხოვრობდნენ, ძალიან იყო გავრცელებული ნიღბებით, უცნაური ჩაცმულობით ჩამოვლა ოჯახებში და ტკბილეულის თუ სხვა შესაწირის შეგროვება. საახალწლო სუფრაზე კი დიანა დღემდე ცდილობს ტრადიცია არ დაარღვიოს და საახალწლო პური გამოაცხოს:

„ახლაც მახსოვს, როგორ დადიოდნენ კარდაკარ უცნაური ნიღბებით ახალი წლის ღამით. ალილოს მსგავსი მსვლელობა იყო. ეს წესი საქართველოდან წასულმა ბერძნებმაც შეინარჩუნეს. რაც შეხება სუფრას, ტრადიციულად, ქართულ კერძებთან ერთად ვცდილობ ხოლმე, ბერძნულიც დავამატო. რაც ბავშვობიდან მახსოვს, უცნაური ფორმის მოწნული პური იყო, ჯვრის გამოსახულებით, და მას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა“.

და, რა თქმა უნდა, ბერძნული ცეკვა. დღესასწაულებზე - ახალი წელი იქნება ეს, ვინმეს დღეობა თუ ქორწილი - ბერძნული ფერხული ლხინის მთავარი ნაწილია. ცეკვავს ყველა:

„და არ არსებობს მიზეზი, რომ ვინმემ ცეკვა არ იცის. ასეთი მოლხენა იციან, ხმაურიანი და ერთიანი. ყველა ჩაებმება ხოლმე ამ ფერხულში, ჰყავთ ერთი მეალმე და ცეკვავენ და ცეკვავენ. 200 ადამიანი თუა, ორასივე ებმება ამ ფერხულში“.