რუსეთის სასამართლომ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო ესტონეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი ესტონ კოჰვერი და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ტალინი და ბრიუსელი ირწმუნებიან, რომ კოჰვერი ესტონეთის ტერიტორიაზე შეიპყრეს რუსეთის აგენტებმა და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს რუსეთის საზღვარზე.
ესტონეთის საზღვართან მდებარე რუსეთის ფსკოვის რეგიონის სასამართლომ ესტონ კოჰვერი დამნაშავედ ცნო ჯაშუშობაში, კონტრაბანდისტობაში, იარაღის უკანონო ტარებასა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. 15 წლით თავისუფლების აღკვეთის გარდა, სასამართლომ ის 100 ათასი რუბლით - დაახლოებით, 1500 დოლარით - დააჯარიმა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოჰვერი სასჯელს რუსეთში, მკაცრი რეჟიმის ციხეში, მოიხდის.
ევროკავშირმა მაშინვე გააპროტესტა ვერდიქტი და მოუწოდა მოსკოვს გაათავისუფლოს კოჰვერი და უზრუნველყოს მისი უსაფრთხო დაბრუნება ესტონეთში.
ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ 19 აგვისტოს განაცხადა, რომ კოჰვერის „გატაცება და შემდგომი უკანონო დაკავება რუსეთში ცალსახად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას“. მან ასევე თქვა, რომ კოჰვერის პროცესი არ ჩატარდა სამართლიანად, რადგან ის დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, ესტონეთის კონსულს არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა და კოჰვერს ჩამოართვეს ადეკვატური სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობა.
ესტონეთის საელჩოს წარმომადგენელმა მოსკოვში რეგინა პალანდი-პაიუმ რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკში მთლიანად პროცესს უკანონო უწოდა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა ასევე დაგმო ვერდიქტი და ტვიტერით გაკეთებულ განცხადებაში მისი გათავისუფლება ითხოვა:
„მე მკაცრად ვგმობ ესტონ კოჰვერის ვერდიქტს. მისი უკანონო დაკავება საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა“.
მოსკოვი ამტკიცებს, რომ ესტონეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი ესტონ კოჰვერი 5 სექტემბერს რუსეთის ტერიტორიაზე შეიპყრეს, რომ ის გადაცმული იყო და თან ჰქონდა ნაღდი ფული, იარაღი და ჩამწერი მოწყობილობები.
ტალინი კი ამბობს, რომ რუსეთის აგენტებმა კოჰვერი ესტონეთის ტერიტორიიდან გაიტაცეს და რომ მიწაზე დარჩენილი კვალი კარგად დაგეგმილ მოტაცების ოპერაციაზე მეტყველებს. ორენოვანი ოქმი, რომელსაც ხელი ესტონეთისა და რუსეთის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლებმა მოაწერეს, ამ ვერსიას ამყარებს. ოქმში აღნიშნულია, რომ მიწაზე დატოვებული კვალი მეტყველებს რამდენიმე ადამიანზე, რომელიც ესტონეთში რუსეთიდან შევიდა და შემდეგ უკან დაბრუნდა. ამასთან, გრენეიდის კვალიც ჩანდა.
კოჰვერი, როგორც ჩანს, 5 სექტემბერს უნდა შეხვედროდა რუს ინფორმატორს, რომელსაც მისთვის ცნობები უნდა მიეწოდებინა მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც იკვლევდა კავშირს ეფესბეს აგენტებს, რუსეთის კრიმინალურ ორგანიზაციებსა და რუსეთიდან ესტონეთში შემავალ კონტრაბანდას შორის.
კოჰვერის გათავისუფლებას ევროკავშირთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატებიც ითხოვს. 5 სექტემბრის ინციდენტამდე ორი დღით ადრე ესტონეთში ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო ჩასული, რომელმაც ნატოს მოკავშირეს უსაფრთხოების გარანტიები მისცა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე.