ესტერ ფილიპსი სცენაზე 60-იანი წლების დასაწყისში, თითქმის ათწლიანი დუმილის შემდეგ დაბრუნდა. მივიწყებული მომღერალი ჯერ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში მიიწვიეს ჯგუფ „ბიტლზთან“ ერთად, მოგვიანებით კი ნიუ-პორტის ჯაზფესტივალზეც დაპატიჟეს.
Your browser doesn’t support HTML5
მასთან კონტრაქტი „Atlantic Records“-მა გააფორმა იმ იმედით, რომ წარმატების ტალღაზე მყოფი არტისტი კომერციულ მოგებას მოუტანდა. თუმცა, პროდიუსერებმა ვერ შეძლეს სწორი სტრატეგიის შემუშავება. ესტერ ფილიპსი უნივერსალური მომღერალი გახლდათ, რომელიც თანაბარი წარმატებით ასრულებდა სხვადასხვა ჟანრების – რიტმენბლუზის, ჯაზისა თუ პოპმუსიკალურ რეპერტუარს. თუმცა, მისი ყველაზე ძლიერი მხარე ბლუზი იყო, მენეჯერებმა კი აქცენტი პოპის ჯაზურ არანჟირებაზე გააკეთეს და, საბოლოო ჯამში, შეცდნენ. ოთხი წლის განმავლობაში არტისტმა მხოლოდ ორი ჰიტის გამოცემა მოახერხა: „And I Love Him“ – ლივერპულელთა სიმღერის ინტერპრეტაცია და ცნობილი სტანდარტის „When A Woman Loves a Man“-ის ქავერი.
წარუმატებლობამ არტისტს გული მოუკლა და კვლავ იჩინა თავი ნარკოდამოკიდებულებით გამოწვეულმა პრობლემებმა. ესტერ ფილიპსი რამდენიმე წლით ისევ დაიკარგა და მხოლოდ 70-იანების დასაწყისში გამოჩნდა. მან გამოსცა ალბომი „From A Whisper To A Scream“, რომელიც კრიტიკოსებმაც მოიწონეს და კარგადაც გაიყიდა. მას მოჰყვა კიდევ ოთხი დისკი, არანაკლებ ღირებული ნამუშევრები. ესტერი, მეტწილად, პოპსიმღერებს ასრულებდა, ფანკური სასულე სექციებითა და ჟანრისთვის დამახასიათებული რიტმული სტრუქტურებით, ზოგან ჯაზურ ელფერსაც სძენდა. 1975 წელს კი, ყველასგან მოულოდნელად, იმხანად პოპულარული მიმდინარეობა – დისკო მოსინჯა და დაინა ვაშინგტონის სიმღერა „What a Difference a Day Makes“ საცეკვაო ყაიდაზე მოაქცია. სინგლმა რამდენიმე ჰიტაღლუმის წამყვანი პოზიციები დაიკავა პოპისა და რიტმენბლუზის კატეგორიებში. იმავე წელს ჟურნალმა „Rolling Stones“-მა წლის საუკეთესო რიტმენბლუზურ მომღერლად დაასახელა.
მიუხედავად მრავალი ბლუზური ტიტულისა, ესტერ ფილიპსის სტუდიური მოღვაწეობა მაინც მცდარი მიმართულებით მიმდინარეობდა. სიტუაციის გამოსწორება ცნობილმა ხმის ჩამწერმა კომპანია „მერკურიმ“ სცადა, თუმცა უშედეგოდ. ლეიბლზე გამოცემული ოთხი ალბომი ახლოსაც ვერ მივიდა 70-იანი წლების წარმატებასთან. 1981 წელს კი არტისტი, საერთოდ, კონტრაქტისა და მენეჯერების გარეშე დარჩა. ამას დაემატა ხანგრძლივი დეპრესიული პერიოდი, ნარკოდამოკიდებულებასთან უშედეგო ბრძოლა. 1984 წლის 7 აგვისტოს ესტერ ფილიპსი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დიახ, ესტერ ფილიპსს არ გაუმართლა. პირადი პრობლემების, მენეჯერების მცდარი პოლიტიკის გამო, არტისტი ვერ გახდა დაინა ვაშინგტონივით ან ეტა ჯეიმსივით სახელოვანი, არც „ბლუზის დედოფლად“ მოუნათლავთ. მიუხედავად ამისა, გასული საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ხმა გახლდათ. ამის თქმის საფუძველს, მისი ბლუზური რეპერტუარი იძლევა – ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი ნამუშევრები. კერძოდ, 1949-54 წლების ალბომები. აქ ისეთ დიდებულ სიმღერებს გამოვარჩევდი, როგორებიცაა: „Wedding Blues“, „Cupid's Boogie“, „Summertime“, „Ring-A-Ding-Do“, „Hollerin' and Screamin'“. ყურადღების ღირსია 70-იანი წლების პროექტიც, „Confessing the Blues“, ერთ-ერთი საუკეთესო ბლუზური კრებული მომღერლის შემოქმედებაში.