საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს სამოქალაქო კოდექსში განხორციელებულ იმ ცვლილებებს შეახსენებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის დეკემბერში მიიღო და ძალაში 2017 წლის იანვრიდან შევიდა და რომლებიც მეწარმის მიერ ოცზე მეტი ფიზიკური პირისგან ნებისმიერი ფორმით მოსაზიდი თანხების მოცულობასა და ფიზიკურ პირებზე გასაცემი სესხების ვალუტაზე შეზღუდვების დაწესებას შეეხება.
ჩვენ უკვე ვწერდით იმაზე, რომ 100 000 ლარამდე სესხის ეროვნულ ვალუტაში აღების ვალდებულებამ საქართველოში უკვე დააზარალა 27 000-ზე მეტი მსესხებელი, რადგან მათ გამყარებული ლარის პირობებში საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდა უწევთ. შესაბამისად, ცხადია, მსესხებლის ინტერესებში ასეთი გარიგება არ შედის.
Your browser doesn’t support HTML5
ახლა ეროვნული ბანკი მეწარმეებს კიდევ ერთი მუხლის არსებობას შეახსენებს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 628-ე მუხლით 2017 წლის 15 იანვარს ამოქმედებული ცვლილების თანახმად, თუ მეწარმე ან ურთიერთდაკავშირებულ მეწარმეთა ჯგუფი, ნებისმიერი ფორმით იზიდავს ფულად სახსრებს 20–ზე მეტი ფიზიკური პირისგან, მაშინ თითოეული ფიზიკური პირისაგან მოზიდული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 (ასი ათასი) ლარზე (ან მის ეკვივალენტზე უცხოური ვალუტით) ნაკლები. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმეს ან ურთიერთდაკავშირებულ მეწარმეთა ჯგუფს წარმოეშობა ამ ნაწილის მოთხოვნების დაცვის ვალდებულება, მაშინ 20-ზე ნაკლები პირისაგან უკვე მოზიდულ 100 000 (ასი ათასი) ლარზე (ან მისი ეკვივალენტი უცხოურ ვალუტით) ნაკლები თანხა უნდა გაისტუმროს ასეთი ვალდებულების წარმოშობიდან ერთი წლის განმავლობაში.
ასეთი შეზღუდვა, ცხადია, მეწარმეების არჩევანის თავისუფლებას ზღუდავს, თუმცა ქვეყნის ე.წ. ლარიზაციის პრინციპებში ჯდება.
ეროვნული ბანკის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება ბანკებზე, საკრედიტო კავშირებსა და საბროკერო კომპანიებზე, ასევე ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებებზე, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე გავრცელდება 2017 წლის 15 ივლისიდან. შესაბამისად, ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, მოუწოდებს ორგანიზაციებს დაიცვან კანონის მოთხოვნები თანხების მოზიდვისას და დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია მათ მიერ მოზიდული სახსრების პორტფელის სტრუქტურასთან დაკავშირებით, რათა მათ შეძლონ ორგანიზაციის საქმიანობის კანონთან შესაბამისობისშემოწმება და გონივრული გადაწყვეტილების მიღება, მეორე მხრივ კი, მიმართავს თანხების განთავსებით დაინტერესებულ მომხმარებლებს, მხედველობაში მიიღონ მოცემული გარემოება, გამოიჩინონ სიფრთხილე საკუთარი თანხების განთავსებისას და გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიისაგან სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად (მაგალითად, სად და როგორ ხდება თანხის დაბანდება, რა გარანტიები არსებობს მათ დადგენილ ვადებში დაბრუნებასთან დაკავშირებით) მოითხოვონ ინფორმაცია იმ ფიზიკური პირების რაოდენობის შესახებ, რომელთაც მოცემულ კომპანიაში ამა თუ იმ ფორმით განთავსებული აქვთ 100 000 ლარამდე თანხა.
ეროვნული ბანკის განცხადების თანახმად, ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, აცნობებენ საზოგადოებას, რომ დადგენილი მოთხოვნების დარღვევით დადებული ხელშეკრულებები, მხარეთა შორის დავის შემთხვევაში, შესაძლოა ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი გახდეს, რასთან დაკავშირებითაც დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.