საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ლარის კურსის გაუფასურების გამო, მიმდინარე კვირიდან იგეგმება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. რა მექანიზმების გამოყენება შეუძლია ეროვნულ ბანკს და როგორ აისახება აღნიშნული გადაწყვეტილებები მოქალაქეებზე?
ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია ე.წ. რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ერთგვარი ორიენტირია. გამკაცრების შემთხვევაში ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება, რაც შეამცირებს მოთხოვნას სესხებზე, შეამცირებს მიმოქცევაში არსებული ვალუტის მოცულობას და, შედეგად, ხელს შეუშლის ფასების ზრდას. 2014 წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი 4 პროცენტი იყო და ხელს უწყობდა ეკონომიკის დაკრედიტებას. ასეთი მოცემულობით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთი სესხებზე საშუალოდ 14,3 პროცენტი იყო. ყველაზე მაღალი რეფინანსირების განაკვეთი 2008 წელს იყო - 11 პროცენტი, მაშინ საბაზრო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 23 პროცენტს შეადგენდა.
მეორე ინსტრუმენტი, რომელსაც ეროვნული ბანკი იყენებს, ღია ბაზრის ოპერაციებია, რაც არაპირდაპირი გზით, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვით, ზეგავლენას ახდენს მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებზე. ამ დროს გამოიყენება სადეპოზიტო სერტიფიკატები, მთავრობის სახაზინო ვალდებულებები და სახაზინო ობლიგაციები. ამ მექანიზმით ხდება ჭარბი ლიკვიდობის ამოღება საბანკო სისტემიდან. ბოლოს ასეთი აუქციონი 2015 წლის 28 იანვარს გაიმართა, როდესაც სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 10 მილიონი ლარის 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
კომერციული ბანკების დაკრედიტების მოცულობასა და საპროცენტო განაკვეთებზე ეროვნულ ბანკს შეუძლია ასევე გავლენა მოახდინოს სარეზერვო მოთხოვნების ცვლილებით. სარეზერვო მოთხოვნის ზრდა აძვირებს ბანკებისთვის რესურსის მოზიდვის ხარჯს და, შესაბამისად, იწვევს გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდასაც. ამჟამად სარეზერვო მოთხოვნები შეადგენს 10 პროცენტს ეროვნული ვალუტით მოზიდულ სესხებზე და 15 პროცენტს - უცხოური ვალუტით ნასესხებ სახსრებზე.
დროებითი ჭარბი შემოდინების გაცვლით კურსზე ზეგავლენის აღმოსაფხვრელად, ეროვნული ბანკი იყენებს სავალუტო აუქციონებს. ბოლოს ასეთი აუქციონი 2014 წლის 2 დეკემბერს შედგა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც სავალუტო ბაზრიდან ლარის ამოღებას ემსახურებოდა.
ბანკთაშორისი ბაზრის საპროცენტო განაკვეთის მერყეობის შესამცირებლად, ეროვნული ბანკი ასევე იყენებს ერთდღიან სესხებსა და ერთდღიან დეპოზიტებს, რომელთა შეთავაზება ხდება კომერციული ბანკების მოთხოვნის საფუძველზე.
მონეტარული პოლიტიკის რომელი მექანიზმიც არ უნდა აირჩიოს ეროვნულმა ბანკმა, მოსალოდნელია საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ზრდა, რაც თავისთავად აისახება სესხებზე ხელმისაწვდომობის შემცირებაზე როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.