საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გუშინ პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად მიმოხილული იყო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და ზრდის მთავარი პარამეტრები.
ეროვნული ბანკის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2016 წელს 2.7 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი მომსახურების დარგებს (1.5 პროცენტული პუნქტი) მიუძღვის, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი იყო ინდუსტრიული დარგების წვლილი.
Your browser doesn’t support HTML5
ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი სამშენებლო დარგი იყო, რომელიც წლის განმავლობაში 8.1 პროცენტით გაიზარდა და ყველაზე დიდი - 0.6 პროცენტული პუნქტის ტოლი - წვლილი შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში. მშენებლობის ზრდა მაღალი იყო როგორც მთავრობის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე კერძო სექტორის მშენებლობების შედეგად.
მშპ-ს ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი (0.4 პროცენტული პუნქტი) შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ. იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადი საექსპორტო პროდუქცია დამამუშავებელ მრეწველობაზე მოდის, წლის მეორე ნახევარში ექსპორტზე მოთხოვნის ზრდამ დამამუშავებელი მრეწველობის ზრდა განაპირობა. უმსხვილესი დარგის - ვაჭრობის - ზრდის ტემპი, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა და 1.8 პროცენტი შეადგინა. ვაჭრობის დარგის ზრდა მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგანაც ამ დარგში მუშაობს კერძო სექტორში დასაქმებულთა ყველაზე დიდი ჯგუფი.
2016 წელს ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ინვესტიციები იყო, რომელთა წვლილმა რეალურ ზრდაში 2 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ინვესტიციების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, კერძო სექტორიდან კი ძირითადი აქტიურობა მოდიოდა მშენებლობის სექტორზე. ცალკე აღნიშვნის ღირსია მნიშვნელოვანი ინვესტიციები ბრიტიშ პეტროლეუმის (British Petroleum) ახალი მილსადენის მშენებლობაში.
2016 წლის განმავლობაში მოხმარებამ მცირე დადებითი წვლილი (0.8 პროცენტული პუნქტი) შეიტანა ეკონომიკის ზრდაში, რასაც ძირითადად მთავრობის მოხმარების ზრდა განაპირობებდა. წმინდა ექსპორტის წვლილი ეკონომიკურ ზრდაში 2016 წელს კვლავ უარყოფითი იყო და -0.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
წლის განმავლობაში სტაბილურად მზარდი ტემპი ჰქონდა ვიზიტორთა რაოდენობას და, შესაბამისად, ტურისტულ შემოსავლებსაც, რაც ხელს უწყობდა მომსახურების ექსპორტის ზრდას. წლის მეორე ნახევარში გაუმჯობესება დაიწყო საგარეო მოთხოვნამ, რამაც საქონლის ექსპორტი წაახალისა, წლის ბოლოსათვის კი შიდა მოთხოვნის მატების ნიშნები გამოიკვეთა.
2016 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 236 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და, 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რეზერვების მოცულობის ცვლილებაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გავლენა ივნისის თვიდან კომერციული ბანკებისათვის უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის სარეზერვო ნორმის გაზრდამ მოახდინა. გარდა ამისა, რეზერვების ცვლილებაზე 2016 წლის განმავლობაში, ტრადიციულად, რამდენიმე ძირითადი ფაქტორი მოქმედებდა: საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონები, საქართველოს მთავრობის ხარჯები და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული კრედიტები და გრანტები. წინა წლების მსგავსად, 2016 წელსაც საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან გამოწვევას დოლარიზაციის მაღალი დონე წარმოადგენდა. დოლარიზაციის დაბალი დონე მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფისკალური მდგრადობის შესანარჩუნებლად. 2016 წლის ბოლოს მდგომარეობით, სესხების დოლარიზაციის დონე 65.2 პროცენტი, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაცია 71.4 პროცენტი იყო.