ეროვნული ბანკის ახალი წესები მომხმარებელთა უფლებების დასაცავად

სესხის ამღების არასაკმარისი ინფორმირებულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ქვეყანაში, სადაც გადამხდელთა ე.წ. შავ სიაში საკმაოდ ბევრი ადამიანია გაერთიანებული. სწორედ ამიტომ საყურადღებო გვგონია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვას ისახავს მიზნად და რომელთა შესახებაც, ვფიქრობთ, მსესხებლებს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ.

Your browser doesn’t support HTML5

ეკონომიკის მიმოხილვა

საქართველოს ეროვნულ ბანკში მომზადდა "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი", რომელიც 2017 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე წესის მოქმედების არეალის გაფართოებაა. კერძოდ, თუ აქამდე მოქმედი რეგულაციები მხოლოდ კომერციულ ბანკებს ავალდებულებდა მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალური წესების დაცვას, ამიერიდან ეს ვალდებულება დაეკისრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს (საკრედიტო კავშირებსა და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებს).

თუ დღემდე მოქმედი რეგულაციებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის თავმოყრა ხელშეკრულების თავსართში მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის იყო სავალდებულო და შეეხებოდა მხოლოდ 300-დან 50 000 ლარამდე საკრედიტო და სადეპოზიტო პროდუქტებს, ახალი ვერსიით ეს ვალდებულება იურიდიულ პირებზეც გავრცელდება და პროდუქტების თანხობრივი არეალი უკვე 200 000 ლარამდე გაიზრდება.

დოკუმენტში დაკონკრეტდა და დაზუსტდა სარეკლამო მასალების შემუშავების წესები. ფინანსურ ორგანიზაციებს ეკისრებათ ვალდებულებები უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებებზეც (უკვე შეძენილ პროდუქტებზე), რაც გულისხმობს კლიენტს მოთხოვნისთანავე და გარკვეული პერიოდულობით უფასოდ მიაწოდონ ამონაწერი და ხელშეკრულების ასლები. ასევე, საფინანსო ორგანიზაციებს დაევალათ მომხმარებლისგან ვალდებულებების ვადაგადაცილებისას, ასევე, ფინანსური ორგანიზაციის ინიციატივით ნებისმიერი მომსახურების შეწყვეტისას როგორც მომხმარებელს, ასევე თანამსესხებელს ან თავდებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიაწოდონ ინფორმაცია დაუყოვნებლივ და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. დღემდე მოქმედი წესების მიხედვით, ეს მხოლოდ ფინანსური ორგანიზაციის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, რაც კლიენტებს ფინანსურ პრობლემებს უქმნიდა.

დადგინდა არააქტიურ პროდუქტებზე საკომისიოს შეწყვეტის წესიც. კერძოდ, ფინანსურ ორგანიზაციებს ამ წესების მოქმედების არეალში აღარ ექნებათ უფლება მომხმარებლებს დააკისრონ საკომისიო 12 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში იმ პროდუქტებზე, რომლებსაც მომხმარებლები აღარ იყენებენ.

ხელშეკრულების ცვლილებების შემთხვევაში ფინანსურ ორგანიზაციას ეკისრება ვალდებულება ცვლილების შესახებ ინფორმირებისათვის მომხმარებელს შესთავაზოს მინიმუმ ერთი, მომხმარებლისათვის უფასო, პერსონალური შეტყობინების არხი. ამასთან, საჯარო სივრცეში (მაგალითად, ვებგვერდსა და ფილიალებში) განცხადების განთავსება არ ჩაითვლება სათანადო წესით ინფორმაციის მიწოდებად. გარდა ამისა, მომხმარებლის უკეთ ინფორმირების მიზნით კომერციულ ბანკებს დაეკისრათ ვალდებულება უზრუნველყონ მომხმარებლის წვდომა ბანკში არსებულ პროდუქტებზე მინიმუმ ერთი, მომხმარებლისათვის უფასო, დისტანციური არხით (მაგალითად, ინტერნეტი, მობილური სატელეფონო კავშირი).

რიგი ცვლილებები შევიდა კრედიტის წინსწრებით დაფარვის წესსა და განაკვეთთან დაკავშირებით. კერძოდ: დადგინდა წინსწრებით სესხის დაფარვისას პირგასამტეხლოს სახით დაწესებული განაკვეთები და მათი ოდენობა განისაზღვრა წინსწრების მომენტიდან სესხის დაფარვამდე დარჩენილი დროის შესაბამისად. ამასთან, მაქსიმალური განაკვეთი განისაზღვრა წინსწრებით დასაფარი ნარჩენი ძირის 2 %-ის ოდენობით. გარდა ამისა, ფინანსურ ორგანიზაციებს დაეკისრათ მომხმარებლებისთვის ორი ახალი ალტერნატიული გრაფიკის შეთავაზების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ იფარება კრედიტის საწყისი ძირითადი თანხის 20 %, არანაკლებ 500 ლარის ოდენობით.