რუსეთის ცნობილი ერმიტაჟის მუზეუმის დირექტორმა საბჭოთა ავანგარდის გამოფენაზე თავდასხმა იმის ნიშნად მიიჩნია, რომ რუსეთის საზოგადოება „ავადაა“. ის მოითხოვს მიიღონ ახალი კანონი, რომელიც კულტურის ინსტიტუტებს მსგავსი თავდასხმებისგან დაიცავს.
ერმიტაჟის დირექტორის მიხეილ პიოტროვსკის განცხადება მოჰყვა 14 აგვისტოს ინციდენტს, როდესაც რადიკალ მართლმადიდებელთა ჯგუფმა საბჭოთა ავანგარდული სკულპტურების გამოფენა დაარბია. კრემლის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ბოლო წლებში კულტივირებული რელიგიური და კონსერვატიული რადიკალიზმის შედეგია.
თავდასხმის შემდეგ პიოტროვსკიმ ფეისბუკის ერმიტაჟის ოფიციალურ გვერდზე რუსეთის მუზეუმების კავშირის სახელით გააკეთა განცხადება, სადაც მან გააკრიტიკა საზოგადოების რეაქცია დარბევაზე:
„რუსეთის მუზეუმების კავშირი მიიჩნევს, რომ სწორედ ჰალუცინოგენური მეტსახელების მქონე უცნაური აქტივისტების ქმედებები წარმოადგენს ნამდვილ მკრეხელობას, ღვთის გმობას და რწმენის შეურაცხყოფას. ჩვენ ვთავაზობთ რუსეთის მუზეუმებს სასწრაფოდ ჩაატარონ სწავლებები ექსპოზიციების საკუთარი ძალებით დასაცავად, რადგან ამა წლის ნოემბრიდან პოლიცია მუზეუმების ფიზიკურ დაცვას წყვეტს. (...) ჩვენ გვიკვირს ამ მოვლენებზე საზოგადოების რეაქციის - არაზუსტი ინფორმაციის, არაადეკვატური ქირქილის და დაურწმუნებელი და ნევროზული ტონის. ჩვენი საზოგადოება ავადაა“.
„ჰალუცინოგენური მეტსახელის მქონე აქტივისტად“ ერმიტაჟის დირექტორმა მოიხსენია რადიკალი მართლმადიდებელი აქტივისტი დმიტრი ცორიონოვი, რომელიც ასევე „ენტეოს“ სახელითაა ცნობილი. სწორედ მისმა დაჯგუფება „ღვთის ნებამ“ დაარბია ექსპოზიცია. ცორიონოვი ცნობილია იმით, რომ მან პუტინს ღვთის მიერ შთაგონებული ლიდერი უწოდა, რომლის ღირსიც რუსი ხალხი არ არის. თავდასხმასთან დაკავშირებით კი მან ინტერფაქსს განუცხადა, რომ ექსპოზიცია იესო ქრისტეს მკრეხელურ გამოსახულებას შეიცავდა და ის მაცხოვრისა და წმინდანების ბინძურ დაცინვას წარმოადგენდა.
გამოფენის ორგანიზატორების განცხადებით, თავდამსხმელებმა დააზიანეს საბჭოთა სკულპტორის, ვადიმ სიდურის, ნამუშევრები, რომლებიც თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებამ აკრძალა. გამოფენასაც ასე ერქვა: „ქანდაკებები, რომლებსაც ვერ ვხედავთ“.
მიხეილ პიოტროვსკიმ თავის განცხადებაში მოითხოვა მიიღონ ახალი კანონები, რომლებიც, ერთი მხრივ, კულტურის ინსტიტუტებს დაიცავს და, მეორე მხრივ, სათანადოდ დასჯის თავდამსხმელებს. თუმცა კრემლის კრიტიკოსები ამბობენ, რომ დარბევების პროვოცირებას სწორედ ახალი კანონი იწვევს, რომელსაც ხელი პუტინმა 2013 წელს მოაწერა.
ხალხს უკვირს, რა იყო აღმაშფოთებელი სიდურის ნამუშევრებშიო, უწყინარი გამოფენა იყოო. საქმეც ისაა, რომ თუ არაუწყინარი გამოფენების დარბევა ნებადართულია, მაშინ ყველანაირ გამოფენას დაარბევენ. ახლა ყველა მორწმუნე თავად გადაწყვეტს, რაზე გაბრაზდეს და რა დაარბიოს...მარატ გელმანი
კანონი მკრეხელობის წინააღმდეგ რუსეთში „პუსი რაიოტის“ შემთხვევის შემდეგ მიიღეს, როდესაც სამმა გოგონამ მოსკოვის ტაძარში „პანკის ლოცვა“ შეასრულა.
ამ კანონის მიხედვით, ადამიანის რწმენის შეურაცხყოფა კრიმინალია და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით და 500 ათასამდე რუბლით - 7 600 დოლარით - ისჯება.
რუსეთის ხელოვნების წარმომადგენლები ამ კანონის მიღებამდეც ხვდებოდნენ ხელისუფლების სამიზნეში: 2007 წელს რუსეთის სასამართლომ ანდრეი ეროფეევი და იური სამოდუროვი დამნაშავედ ცნო „შუღლის გაღვივებაში“ მათი გამოფენის გამო, სადაც იესო ქრისტე მიკი მაუსის თავით იყო გამოსახული, რუსული მართლმადიდებლური ხატი კი შავი ხიზილალით იყო სავსე.
მაგრამ კანონის მიღებამ რუსეთის ხელოვნების სამყარო კიდევ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ დააყენა. მარატ გელმანი პერმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორი იყო. ის გაათავისუფლეს, როდესაც მან სოჭის ოლიმპიადის დამცინავი გამოფენა მოაწყო. მარატ გელმანი ამბობს, რომ ეს კანონი საშუალებას აძლევს ადამიანს თავად გადაწყვიტოს, შეურაცხყოფილია თუ არა, და თავადვე იმოქმედოს. აი, რა დაწერა მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე:
„ხალხს უკვირს, რა იყო აღმაშფოთებელი სიდურის ნამუშევრებშიო, უწყინარი გამოფენა იყოო. საქმეც ისაა, რომ თუ არაუწყინარი გამოფენების დარბევა ნებადართულია, მაშინ ყველანაირ გამოფენას დაარბევენ. ახლა ყველა მორწმუნე თავად გადაწყვეტს, რაზე გაბრაზდეს და რა დაარბიოს. თუ გულში თანახმა ხართ, რომ აი, „ეს გამოფენა მართლაც სკანდალური იყო და ლოგიკურია, რომ ის დაარბიეს“, მაშინ გამოდის, რომ ზოგადად შავბნელ ძალებს აძლევთ მანდატს“.
რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შემთხვევის კომენტირებისას ასევე კანონისკენ გაიშვირა თითი. ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვსევოლოდ ჩაპლინმა ინტერფაქსს უთხრა: ყველა კანონს უნდა დაემორჩილოს. თუ ცორიონოვმა კანონი დაარღვია, მაშინ შესაბამისად უნდა დაისაჯოს, მაგრამ კანონი მათაც უნდა შეეხოს, ვინც გამოფენო მოაწყოო.