წლის ბოლო შეხვედრა, ერთი გათავისუფლებულით

ერგნეთის შეხვედრა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში 4 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ერგნეთის საგუშაგოსთან გამართულ კარავში მყოფ შეხვედრის მონაწილეებს, ჟურნალისტებისგან განსხვავებით, არ სციოდათ, რადგან იქ გამათბობლები იყო ჩართული, მედიის წარმომადგენლები კი შეხვედრის დასრულებას გარეთ ველოდით. გარდა ამისა, წლის ბოლო შეხვედრისას მხარეები შობა-ახალ წელს, ტრადიციულად, წინასწარ ალკოჰოლით აღნიშნავენ ხოლმე.

შეხვედრის დაწყებამდე ოსურმა მხარემ ქართულ მხარეს 9 დღის წინ დაკავებული გივი ჩხიკვაძე გადასცა. ჩხიკვაძე კირბლის ტყესთან რუსმა მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ჩხიკვაძის განცხადებით, ის სოფლის განაპირას ფიჩხს აგროვებდა, როცა მას თავზე რუსები დაადგნენ და ჯერ ღრომში, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს.

შეხვედრაზე ოსურმა მხარემ ქართულ მხარესთან 2 დეკემბერს სოფელ კოდასთან მომხდარი ინციდენტის დეტალები განიხილა. როგორც ცნობილია, შეიარაღებული პირები ადგილობრივ მცხოვრებთ თავს დაესხნენ, რა დროსაც ორმხრივი ცეცხლი გაიხსნა. კოდელების თქმით, სოფელში შეიარაღებული ჯგუფი ოკუპირებული ტერიტორიიდან იყო შესული. ოსური დელეგაციის ხელძღვანელი ხოხ გაგლოითი განმარტავს, რომ ამ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს. ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ქემოკლიძე კი აცხადებს, რომ მათ ინციდენტში მონაწილე შეიარაღებული ჯგუფის შესახებ შესაბამისი მტკიცებულებები ოსურ მხარეს უკვე გადასცეს. დღესვე ხოხ გაგლოითიმ ქართულ ციხეებში მყოფი ოსი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა. მისი თქმით, 23 ეთნიკური ოსიდან 11 სამხრეთ ოსეთის მოქალაქეა და მათ ოსური მხარე პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს. გაგლოითი დაკავებულების გაცვლას პრინციპით „ყველა–ყველაზე“ ითხოვს.
აღნიშნული საკითხი ნამდვილად იყო დღის წესრიგში ჩასმული, თუმცა არა ვალიევზე, ზასეევსა და კოჩიევზე. იყო მხოლოდ ნოდარ (მარეკ) დუდაევის საკითხი. მე შეგახსენებთ, რომ ეს პიროვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის არის გასამართლებული ...
კახა ქემოკლიძე

„ჩვენ ასეთი პრინციპი გვაქვს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას შეუძლია წავიდეს ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე, მაგრამ მიდგომა ასეთია –„ყველა–ყველაზე“. თუ ქართული მხარე მზადაა ყველა ჩვენი პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს, მაშინ, ვფიქრობ, ეს შესაბამისად შეფასდება ჩვენი სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ. ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ოსური დელეგაციის შეთავაზებაა, მიდგომა პრინციპით „ყველა–ყველაზე“ განხორციელდეს, რათა აღარ დარჩეს არც ერთი პატიმარი“, – ამბობს ხოხ გაგლოითი.

ცხინვალის ციხეში ამჟამად 5 საქართველოს მოქალაქე რჩება. გაგლოითის წინადადებაზე ქართული მხარე უარს აცხადებს. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ ნოდარ - იმავე მარეკ - დუდაევის გათავისუფლება შეუძლებელია, რადგან მას არაერთი პოლიციელის მკვლელობაში ედება ბრალი.

„აღნიშნული საკითხი ნამდვილად იყო დღის წესრიგში ჩასმული, თუმცა არა ვალიევზე, ზასეევსა და კოჩიევზე. იყო მხოლოდ ნოდარ (მარეკ) დუდაევის საკითხი. მე შეგახსენებთ, რომ ეს პიროვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის არის გასამართლებული. მას ქართველი პოლიციელების სიცოცხლეც აქვს შეწირული. ამიტომ, დღეის მდგომარეობით, მისი გათავისუფლება არ იგეგმება“, – აცხადებს კახა ქემოკლიძე.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა ერგნეთში 29 იანვარს გაიმართება.