ერგნეთის შეხვედრა - „ბარბაროსობა ერედვში“

ერგნეთის შეხვედრა

ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის 81-ე შეხვედრა 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ერგნეთში ჩასულ ჟურნალისტებს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ჯერ რეგისტრაციის გავლა მოსთხოვეს, შემდეგ კი სპეციალურად გამოყოფილი მედიაზონისკენ მიუთითეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტებს მოლაპარაკებების კარვის მიღმა გადასვლა ეკრძალებათ და კარავში შეხვედრის დასაწყისში მხოლოდ 2 წუთით შეუძლიათ ყოფნა ფოტო და ვიდეოკადრების გადასაღებად. ქართველმა ჟურნალისტებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეს ახალი რეგულაცია გააპროტესტეს. მსგავსი რეგულაცია ცხინვალელ ჟურნალისტებსაც დაუწესეს. ამ ბარიერით ქართველ და ოს ჟურნალისტებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება წაერთვათ.

რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, ქართულმა მხარემ ოკუპირებულ სოფელ ერედვში საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ქონების განადგურება გააპროტესტა და ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა მხარეების წარმომადგენლებს წარუდგინა. რამდენიმე დღის წინ ოსურმა ტელევიზიამ აჩვენა კადრები, თუ როგორ ანგრევენ ნახანძრალ, გაძარცულ ნასახლარებს ტრაქტორებით. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა მურად ჯიოევმა აღნიშნა, რომ ერედვში ქვეწარმავლები გაჩნდნენ და ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს. მისი თქმით, ეს ღონისძიებები ისტორიულ ძეგლებს და ეკლესიებს არ შეეხება. რასაც ჯიოევი ტერიტორიის გაწმენდას უწოდებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძისთვის ბარბაროსული აქტია. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ქონების განადგურებით მიმდინარეობს ბარბაროსული აქტი კრიმინალური ელემენტებით, რასაც საქართველოს ხელისუფლება რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ყარაფილას მინდორში რუსული სამხედრო და სამშენებლო ტექნიკის მოძრაობა და გზის გაყვანაც გააპროტესტეს. ქემოკლიძის აზრით, ეს არის „ბორდერიზაციის“ გაგრძელება, რაც მავთულხლართების ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს არაერთ დაბრკოლებას უქმნის. ოსური მხარე კი გზის გაყვანას ხანძრის პრევენციით ხსნის. მურად ჯიოევის ინფორმაციით, ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები ზაფხულში საკმარისი არ აღმოჩნდა და ამიტომ ოსურ და რუსულ მხარეებს მინდვრებში მისასვლელი გზები გაჰყავთ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს გიორგი გიუნაშვილის გადმოცემა, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქართველი სამართალდამცავები ამ ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და უკვე წელიწადზე მეტია, გიუნაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ოსური მხარე პასუხად მხოლოდ იმას აცხადებს, რომ გიუნაშვილს ხელი მიუწვდება ჯანდაცვის სერვისზე და პერიოდულად ოჯახის წევრებთან შეხვედრის საშუალებაც აქვს.

ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 16 ნოემბერს გაიმართება, მანამდე კი ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი ჩატარდება.