ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა. ამ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ რამდენიმე საკითხის მოგვარება მოითხოვა. ტრადიციულად, საოკუპაციო გამყოფ ხაზზე მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის საკითხი გაპროტესტდა. გარდა ამისა, ბოლო დროს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მომხდარი ინციდენტებიც განიხილეს. ქართული მხარე სოფელ კონოლევში შეიარაღებული ჯგუფის მიერ საქონლის გატაცების ფაქტის გამოძიებას ითხოვს. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი ქართულ მხარეს სთავაზობს, გამყოფი ხაზის სიახლოვეს გამოიყოს ვეტერინარული ზონები, რომლის იქით პირუტყვის გადარეკვა აიკრძალება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა გოჩა რატიანმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქართული სოფლების მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების მოძრაობა გააპროტესტა, რაზეც ოსური მხარის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ დოკუმენტაციის წარმოდგენა მოითხოვა და ქართულ მხარეს ურჩია, რომ სამოქალაქო ავიაციის ფრენის გრაფიკს დააკვირდეს.
„მასალები წარმოდგენილი არ ყოფილა, ეს მხოლოდ ქართული მხარის სიტყვიერი განცხადება იყო. თუ ავიღებთ დროს და მიახლოებით კოორდინატებს, რაზეც ქართული მხარე შეშფოთებას გამოთქვამს უპილოტო მფრინავ აპარატებთან დაკავშირებით, ძალიან ხშირად ეს ემთხვევა ადგილსა და დროში სამოქალაქო ავიაციის ხომალდების გადაფრენას“, - განაცხადა ხოხ გაგლოითიმ.
გოჩა რატიანმა აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს ზუსტად აქვს დაფიქსირებული დრო და ადგილი, სადაც უპილოტო საფრენი აპარატების შემოფრენა ხდებოდა, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე დოკუმენტური მასალა არ ყოფილა წარმოდგენილი. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა პერევსა და ქარძმანს შორის მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილების საკითხი. ამ სოფლებს შორის საჭიროა მაღალი გამავლობის ტრანსპორტის დანიშვნა, რათა მოსწავლეებმა უპრობლემოდ შეძლონ სკოლაში მისვლა. გოჩა რატიანის ინფორმაციით, ოსურმა მხარემ პრობლემის მოგვარება საკუთარ თავზე აიღო.
დღესვე გაირკვა, რომ დუშეთის რაიონის სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ წყალსადენ სამებასთან განაღმვითი სამუშაოები დაიწყო. რამდენიმე თვეა ოსური მხარე წყალსადენის აღსადგენად ქართველი სპეციალისტების შეშვებას ეწინააღმდეგებოდა და ამას უსაფრთხოების არარსებობით ხსნიდა. დღევანდელ შეხვედრაზე სიახლე ის იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა გოჩა რატიანმა თავისი შემცვლელი შალვა ენუქიძე წარუდგინა მხარეებს. რატიანი სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა. ენუქიძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ ის თქვა, რომ ვითარებას ეცნობა.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 17 ნოემბერს გაიმართება.