შვიდსაათიანი შეხვედრა ერგნეთში

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 41-ე შეხვედრა 7 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. დასაწყისში შეხვედრის მონაწილეებისთვის ცნობილი გახდა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიის საკითხებში და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარის ფილიპ ლეფორის მიერ ცხინვალში გაკეთებული განცხადება, რომელიც ოსურმა და რუსულმა მედიამ გაავრცელეს. სააგენტოების ცნობით, 20 იანვარს, ცხინვალში ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრისას, ფილიპ ლეფორმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სტატუსი რესპუბლიკის მოსახლეობამ დიდი ხნის წინ განსაზღვრა და ამ პოზიციის შეცვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამ თემაზე ერგნეთის შეხვედრის მონაწილეებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, მოგვიანებით კი თავად ლეფორმა უარყო ოსური და რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ არავინ უნდა შეეცადოს ამ პოზიციის არასწორ ინტერპრეტაციას.
"ევროკავშირის პოზიცია ემყარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი და შეეცადოს ამის არასწორ ინტერპრეტაციას", - განაცხადა ფილიპ ლეფორმა Civil.ge-სთან საუბრისას.

ერგნეთში ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა კი დაძაბული გამოდგა. ამ შეხვედრას პირველად დაესწრო ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, შვეიცარიელი ანჯელო გნედინგერი. მან ამ პოსტზე ანდრეი დეშიცა შეცვალა. ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ღობეების და მავთულხლართების თემა ყველაზე დიდხანს განიხილებოდა. ქართული მხარე რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ქართული სოფლების სიახლოვეს მავთულხლართების გაბმის პროცესს აპროტესტებს. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რუკებს იშველიებს და ამტკიცებს, რომ სოფლების დისევის და კორკულას მიმდებარე ტერიტორია სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში შედიოდა და იქ ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ნაგებობები უნდა აშენდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ ამ სოფლებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ საკუთარი არგუმენტაცია წარმოადგინა, მაგრამ ამ საკითხზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

მხარეები ვერც კოშკა-ქერეს მონაკვეთზე პოლიციელების პატრულირების საკითხზე თანხმდებიან. ამ გზაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები პატრულირებენ, მაგრამ იქ ქართველი პოლიციელების გამოჩენას ოსური მხარე აპროტესტებს.

მხარეებმა ორ საკითხზე გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. არსებობს ურთიერთგაგება ქართული სოფლის კოშკას სასმელი წყლით მომარაგების თაობაზე. სოფლის წყლის სათავე ნაგებობა ოკუპირებულ ტერიტორიაზეა დარჩენილი და ქართული მხარე მის შეკეთებაზე ნებართვას მოითხოვს, ოსური მხარე კი სოფელ ქარზმანში ელექტროგადამცემი ბოძების შეტანას ითხოვს, რაზეც ქართული მხარე პრობლემას არ შექმნის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა რატიანი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებში მხარეები პოზიტიურ შედეგს სულ უფრო ხშირად აღწევენ.

ქართული და ოსური მხარეები აგრძელებენ მოლაპარაკებას როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ. დე ფაქტო ხელისუფლება პატიმრების გაცვლას პრინციპით „ყველა ყველაზე“ ითხოვს. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, როცა ქართულმა მხარემ მარეკ დუდაევი, დე ფაქტო ხელისუფლებამ კი თეიმურაზ ჯერაპოვი გაათავისუფლა. მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 27 თებერვალს გაიმართება.