უცხოეთში ერაყელი ქურთების რეფერენდუმის გეგმას აკრიტიკებენ

ერაყელი ქურთების დროშები

ერაყელი ქურთების ლიდერებზე იზრდება ზეწოლა მოთხოვნით, უარი თქვან დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გეგმაზე. ამ გეგმით, რეფერენდუმი 25 სექტემბერს უნდა გაიმართოს ჩრდილოეთ ერაყში, ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში.

Your browser doesn’t support HTML5

უცხოეთში ერაყელი ქურთების რეფერენდუმის გეგმას აკრიტიკებენ

საქართველოს სამხრეთით, მთიან რეგიონში, რომელიც თურქეთის, ერაყის, სირიის, ირანისა და სომხეთის საზღვრებს კვეთს, ცხოვრობს 30 მილიონამდე ქურთი - მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეთნიკური ჯგუფი, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო არ გააჩნია. ბოლო წლებში ქურთებისადმი ყურადღებამ იმატა ძალიან მნიშვნელოვანი როლის გამო, რომელიც ქურთმა მებრძოლებმა შეასრულეს ერაყსა და სირიაში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაპირისპირებაში.

ერაყში, მის ჩრდილოეთ ნაწილში, ქურთებს ავტონომიური რეგიონიც აქვთ და ადგილობრივმა კანონმდებლებმა, ისევე როგორც ზოგი მიმდებარე რაიონის წარმომადგენლებმა, ბოლოხანს დაამტკიცეს გეგმა, რომელიც25 სექტემბერს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს.

არაერთი უარყოფითი გამოხმაურებიდან, რომელიც ბოლო დღეებში მოჰყვა ამ გეგმას, ჯერჯერობით ბოლოა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის, განცხადება. მან 17 სექტემბერს გააფრთხილა ქურთი ლიდერები, რომ 25 სექტემბრისათვის დანიშნულ რეფერენდუმზე„გადავა ყურადღება“ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებისა და ექსტრემისტების ხელში ყოფნისას დანგრეული ქალაქების აღდგენის საჭიროებიდან. „გაეროს გენერალური მდივანი პატივს სცემს ერაყის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობას და ფიქრობს, რომ ფედერალურმა მთავრობამ და ქურთისტანის რეგიონალურმა მთავრობამ ყველა გადაუჭრელი საკითხი უნდა მოაგვარონ დიალოგისა და კონსტრუქციული კომპრომისის მეშვეობით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გაეროს პრესმდივანმა, სტეფან დუჟარიკმა, გააკეთა.

ქურთისტანის რეგიონის ლიდერებს დიალოგისაკენ მოუწოდა ერაყის პრემიერ-მინისტრმაც, ჰაიდერ ალ-აბადიმ. „კაბინეტი ადასტურებს თავის ნებას, შენარჩუნებულ იქნეს ერაყის ერთიანობა და დაცულ იქნეს ერაყის კონსტიტუცია. დიალოგი, დიალოგი, დიალოგია ერთადერთი გზა ცენტრალურ მთავრობასა და ქურთების რეგიონს შორის გადასაჭრელი ყველა საკითხის მოსაგვარებლად და გადასაწყვეტად. ასევე, კაბინეტი აცხადებს, რომ რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია. რეფერენდუმის შესახებ გადაწყვეტილება, არ შეიძლება ცალხმრივი წესით იქნეს მიღებული“, - განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა 12 სექტემბერს ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე.

რეფერენდუმს ეწინააღმდეგებიან მეზობელი ქვეყნებიც, მათ შორის თურქეთი და ირანი, სადაც მრავალი ეთნიკური ქურთი ცხოვრობს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 17 სექტემბერს სტამბოლში განაცხადა, რომ რეფერენდუმის თემას წამოჭრის შეხვედრებზე ნიუ-იორკში, სადაც ჩადის გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიასთან დაკავშირებით. „ჩვენ მოველით ერაყის პრემიერ-მინისტრ ჰაიდერ ალ-აბადისთან შეხვედრას შეერთებულ შტატებში და, როგორც ვიცით, ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს. რა არის ჩვენი მიზანი? ეს არის ერაყის განუყოფლობა და ტერიტორიული მთლიანობა. არადა, ახლა ჩრდილოეთ ერაყის მმართველი (ქურთების) მთავრობა დგამს ნაბიჯს ერაყის დაყოფის მიმართულებით“, - განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სტამბოლში.

დასავლეთში შიშობენ, რომ ქურთების დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმმა შესაძლოა ახალი დაძაბულობა წარმოშვას რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრის შედეგს - თუ რეფერენდუმი საერთოდ ჩატარდა - კანონის ძალა არ ექნება.