ქართველ ემიგრანტთა ეკონომიკური პოტენციალი

ქართველ ემიგრანტთა ჩართვა საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში ბოლო წლების აქტუალურ პრობლემად რჩება. როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის საქართველოში ინვესტირების შემთხვევაში ფინანსური შეღავათები იმოქმედებს. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა პრემიერმა ეკონომიკურ გუნდს მიმდინარე წლის მაისში დაავალა.

პრემიერის ინფორმაციითვე,შექმნილია დიასპორის მიმართ ახალი სტრატეგია. მეტი კომუნიკაციის მიზნით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შეიქმნა თანამემამულეთა გლობალური ქსელი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დიასპორის შესახებ ზუსტი მონაცემების უფრო ეფექტიანად შეგროვება. ამავე ქსელის ფარგლებში შეიქმნა ონლაინსკოლა. ხელისუფლება საზღვარგარეთ არსებული დიასპორული ორგანიზაციების დახმარებას განაგრძობს, რისთვისაც გასულ წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ლარი გამოიყო.

მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში პარლამენტში დიასპორის საინვესტიციო შესაძლებლობის შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერმა ასოციაციამ გაახმაურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია 100-ზე მეტ საინვესტიციო პროექტზე მუშაობს და ამ პროცესში საპარლამენტო კომიტეტიც არის ჩართული. ძირითადი ინტერესი აგრო და უძრავი ქონების სექტორში ინვესტირებაზე მოდის.

მიუხედავად ამ ცალკეული ნაბიჯებისა, საქართველოში ეფექტური მექანიზმი დიასპორის ეკონომიკურ შესაძლებლობათა ქვეყნისა და მათსავე სასიკეთოდ გამოყენებისთვის არ შექმნილა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან ერთად, საქართველოს დიასპორასთან ურთერთობის მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, გასულ წლებში შეისწავლა ქართული დიასპორის ეკონომიკური პოტენციალი და ამ მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პრაქტიკა.

საინტერესოა, რომ დიასპორის ეკონომიკური როლის ერთი მიმართულება ქვეყნის ეკონომიკაში შემომავალი გზავნილებია. 2013 წლის მდგომარეობით, საქართველოში შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 9 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე წელს ფულადი გზავნილების რაოდენობამ ორი უმსხვილესი წყაროდან - უკრაინიდან და რუსეთიდან - იკლო, რაც საბოოლოო მაჩვენებელზეც აისახა. მაგალითად, 2014 წლის ნოემბერში, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16 პროცენტით ნაკლები გზავნილი შემოვიდა, თუმცა, ამის მიუხედავად, გზავნილების როლი ქვეყნის ეკონომიკისთვის კვლავ მნიშვნელოვანია.

ამას გარდა, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, რომ საკმაოდ ეფექტურია დიასპორის წარმომადგენლებისთვის სპეციალურად მათთვის შექმნილი ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს, არის დიასპორის ფასიანი ქაღალდები. ფასიანი ქაღალდების შესყიდვა ხდება მშობლიურ ქვეყანაში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. ამგვარი კაპიტალი შეიძლება ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი და სტაბილური უცხოური დაფინანსების წყარო გახდეს. ამასთან, უცხოელი ინვესტორებისგან განსხვავებით, დიასპორის წარმომადგენლები, პატრიოტული მოსაზრებებიდან გამომდინარე, უფრო აქტიურად აბანდებენ ასეთ ინსტრუმენტებში კაპიტალს. ამგვარ პრაქტიკას მიმართა ისრაელმა 1951 წელს, როდესაც დიასპორული ფასიანი ქაღალდების მეშვეობით 52 მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალის აკუმულირება მოახერხა. ინდოეთმა ამგვარი ინსტრუმენტის შეთავაზება თავისი დიასპორის წარმომადგენლებისთვის 1991 წელს დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში 11 მილიარდი აშშ დოლარი მოიზიდა. მსგავს სტრატეგიას მიმართა არაერთმა ქვეყანამ ფინანსური დეფოლტის თავიდან აცილებისა თუ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. იმის გათვალისწინებით, რომ ფასიანი ქაღალდების ღირებულება 100 დოლარიდან იწყება, ეს ფინანსური პროდუქტი ხელმისაწვდომია არამხოლოდ მსხვილი ბიზნესმენებისთვის, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ბიუჯეტი უკვე სულ უფრო და უფრო ნაკლებ ინფრასტრუქტურულ ვალდებულებებს იღებს, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ფინანსური სარგებლობლის გარდა, დიასპორა ხშირ შემთხვევაში მშობლიურ ქვეყნებში ცოდნის გადაცემის წყაროა.

იმისათვის, რომ საქართველომ მაქსიმალურად გამოიყენოს დიასპორის ეკონომიკური თუ ინტელექტუალური შესაძლებლობები, საჭიროა სისტემური მიდგომა და მიზანმიმართული პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვა, ისევე როგორც ამგვარი ინიციატივების შემდგომი მონიტორინგი და მიღებული შედეგების ზეგავლენის შეფასება. განცხადებების მიუხედავად, საქართველოში, გზავნილების გარდა,სხვა ხელშესახები პროცესი ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ ჩანს.