ელმერ სნოუდენი

ბანჯო ერთადერთი მუსიკალური ინსტრუმენტია, რომელიც სუფთა ამერიკულ საკრავად მიიჩნევა. ეთნომუსიკოლოგების თქმით, ის კონტინენტზე აფრიკიდან ჩამოყვანილმა მონებმა ჩამოიტანეს, თუმცა იმას, თუ რომელი აფრიკული ინსტრუმენტის შთამომავალია, დანამდვილებით ვერავინ ამტკიცებს.

Your browser doesn’t support HTML5

ელმერ სნოუდენი

ბუნდოვანი წარსულის მიუხედავად, სწორედ ბანჯო იქცა ამერიკული ხალხური მუსიკის - ქანთრის - მთავარ და ფუნდამენტურ საკრავად.

დიახ, ინსტრუმენტის ორიგინალურმა ბგერამ და ცალკეული არტისტების საშემსრულებლო ოსტატობამ ბანჯო ქანთრის სინონიმად აქცია, ისეთი ქვეჟანრები განავითარა, როგორებიცაა: ჰილბილი-ბუგი, ბლუგრასი, ჰონკი თონკი და მრავალი სხვა. მაგრამ იყო დრო, როცა საკრავმა თავი ქანთრისგან კარდინალურად განსხვავებულ სივრცეებშიც მოსინჯა - მაგალითად, ჯაზში. მეტიც, აკომპანემენტის გარდა, სოლირებაც გაბედა და არცთუ ურიგოდ გამოუვიდა. ნათქვამის დასტურად, ამერიკელი პიანისტის, ბენდლიდერისა და კომპოზიტორის, დიუკ ელინგტონის კომპოზიციის, "C-Jam Blues"-ის, ვერსიას გავიხსენებ, ბანჯოზე დამკვრელ ელმერ სნოუდენის ორკესტრის შესრულებით.

გიტარისტი და ბანჯოზე დამკვრელი ელმერ სნოუდენი 1900 წლის 9 ოქტომბერს ბალტიმორში დაიბადა. 23 წლის ასაკში რამდენიმე ვაშინგტონელ მუსიკოსთან ერთად ნიუ-იორკში ჩავიდა, მაგრამ კოლეგებისთვის სამუშაო ვერ იპოვა და დახმარებისათვის ახალგაზრდა დიუკ ელინგტონს მიმართა. ეს უკანასკნელი ჯგუფის არაფორმალურ ლიდერად იქცა და მოგვიანებით სწორედ ვაშინგტონელებისგან შექმნა საკუთარი ლეგენდარული ორკესტრის ბირთვი. რაც შეეხება ელმერ სნოუდენს, მან ინიციატივა დათმო და უარი განაცხადა ელინგტონთან თანამშრომლობაზე. რაღაც ხანს აკომპანიატორად უკრავდა ნიუ-იორკის სხვადასხვა კლუბში, რამდენიმე ჩანაწერიც გააკეთა ბესი სმითტან, მაგრამ სახელი ვერ მოიხვეჭა და 30-იანების მეორე ნახევარში ფილადელფიაში გადავიდა.

1959 წელს ელმერ სნოუდენმა ფილადელფიელი რადიოწამყვანი კრის ალბერტსონი გაიცნო, რომელმაც არტისტის რამდენიმე ჩანაწერი გააკეთა მომღერალ ლონი ჯონსონთან ერთად, მოგვიანებით კი კვარტეტის დაარსებაში დაეხმარა და ისეთი მუსიკოსები შეურჩია, როგორებიც იყვნენ პიანისტი კლიფ ჯექსონი, ბას-გიტარისტი ტომი ბრაიანტი და დრამერი ჯიმი კრაფორდი. ოთხეულმა ხმის ჩამწერ ლეიბლზე "Riverside Records" გამოუშვა დისკი, სახელწოდებით "Harlem Banjo!". ალბომში 12 კომპოზიცია შევიდა, ცნობილ კომპოზიტორთა სტანდარტების ელმერიესული ინტერპრეტაციები: "It Don't Mean a Thing", "Sweet Georgia Brwon", "Doin' The New Lowdown" და სხვა.

ალბომმა "Harlem Banjo!" კრიტიკოსებისა და მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა, ელმერ სნოუდენმა კი ამერიკის საუკეთესო ბანჯოზე დამკვრელის სტატუსი შეიძინა, რასაც კარიერული წინსვლა მოჰყვა. ჩაწერა რამდენიმე ალბომი, მონაწილეობა მიიღო ნიუ-პორტის ჯაზფესტივალზე, ხოლო 1967 წელს კონცერტებით ევროპაც მოიარა. სიცოცხლის ბოლო წლებში ბერკლის უნივერსიტეტში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და იშვიათად თუ მართავდა კონცერტებს. მიუხედავად იმისა, რომ ბანჯოზე დაკვრის ვირტუოზი გახლდათ და ექსპერიმენტებით ცდილობდა ინსტრუმენტის ჯაზში დამკვიდრებას, მისი სახელი ამერიკული მუსიკის ისტორიაში დაუმსახურებლად იშვიათად ისმის.