4 ივლისს დილიდან ხმაური იყო “ელიავას ბაზრობაზე”, სადაც სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდნენ. მათ სურდათ ხანძრის შედეგად დამწვარი საკუთარი მაღაზიების ნახვა და დარჩენილი ნივთების გამოტანა. „ელიავას ბაზრობის“ ტერიტორიას ორი დღის წინ მომხდარი ხანძრის შემდეგ პოლიციის კორდონი იცავს. თბილისის მერია დაზარალებულებს ბანკებთან შუამდგომლობასა და საგადასახადო შეღავათებს ჰპირდება. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რამდენია ხანძრით გამოწვეული ზარალის ოდენობა.
Your browser doesn’t support HTML5
„ელიავას ბაზრობის“ მოვაჭრეებს აინტერესებდათ, რა დარჩა მათი მაღაზიებიდან ხანძრის შემდეგ. სწორედ ამიტომ სცადეს მათ ბაზრობის ტერიტორიაზე ძალით შეჭრა. ბაზრობას ბოლო ორი დღეა პოლიცია იცავს და შიგნით, ბაზრობის მფლობელების გარდა, არავის უშვებს. ხალხის ნაწილი ბაზრობაზე შესვლას მოითხოვდა, ნაწილი კი თანახმა იყო ტერიტორიაზე მხოლოდ გაწმენდის შემდეგ შესულიყო.
რამდენია ზარალი, ზუსტად რამდენი მაღაზიაა დამწვარი და ვინ რა ქონება დაკარგა, ვის რამდენი აქვს საბანკო დავალიანება, ამის თაობაზე თბილისის მერიაში 4 ივლისს დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებსა და „ელიავას ბაზრობის“ საინიციატივო ჯგუფს შორის შეხვედრაც გაიმართა. ერთ-ერთი დაზარალებულის, პაატა ბასილაშვილის, განცხადებით, მათ აქვთ თხოვნა მერიისადმი, როგორმე დაეხმარონ იმ ადამიანებს, ვინც მთელი ქონება დაკარგა:
„თხოვნა გვაქვს, იქნებ აგვინაზღაურონ ზარალი, დაგვეხმარონ. ეს მხოლოდ თხოვნაა და არა მოთხოვნა. დღეს ისეთი წაქცეულები ვართ ყველანი, არაფრის თავი არა გვაქვს“.
შევთანხმდით, რომ უნდა დაზუსტდეს დაზარალებულთა სიები, ასევე იმ საქონლის მოცულობა, რომელიც ან განადგურდა, ან დაზიანდა. ბევრს აქვს სესხი აღებული, ამიტომ საბანკო სექტორთან ვეცდებით შუამავლობას...ირაკლი ლექვინაძე
თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მათ, ვისაც ქონება დაზღვეული არ ჰქონდა, მერია კომპენსაციას ვერ გადაუხდის:
„დაზღვევა ერთადერთი მექანიზმია, როდესაც მსგავსი ტიპის შემთხვევევისგან ყველა მეწარმემ უნდა უზრუნველყოს საკუთარი ფინანსური თუ ტექნიკური საფრთხეების დაზღვევა. რაც შეეხება ბანკებთან ურთიერთობას და საგადასახადო საკითხებს, მაგაზეც ვიმსჯელებთ“.
რაც შეეხება მერიის მხრიდან სხვა სახის დახმარებას, ლექვინაძემ აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია დაზარალებულებს დაეხმარება ბანკებთან ურთიერთობასა და საგადასახადო შეღავათების მიღების პროცესში:
„შევთანხმდით, რომ უნდა დაზუსტდეს დაზარალებულთა სიები, ასევე იმ საქონლის მოცულობა, რომელიც ან განადგურდა, ან დაზიანდა. ბევრს აქვს სესხი აღებული, ამიტომ საბანკო სექტორთან ვეცდებით შუამავლობას, რომ ამ სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდეს. შემოსავლების სამსახურმაც განაცხადა, რომ სადაგასახადო ვალდებულებებს ჩამოწერს დაზიანებულ საქონელზე“.
როგორც სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთმა დირექტორმა, ნოე ქობესაშვილმა, უთხრა ჟურნალისტებს, „ელიავას ბაზრობაზე“ მდებარე იმ მაღაზიის მეპატრონეები, რომლებიც ხანძარს გადაურჩა, მუშაობას უახლოეს მომავალში, ელექტროენერგიის ჩართვისთანავე, შეუდგებიან. ეს ეხება ე.წ. მე-4 სექტორში მოხვედრილ მაღაზიებს, რომელთა მფლობელებიც მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.