არჩევნები კახეთში და სისხლის სამართალში დადანაშაულებული კანდიდატი

რადგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები წინასწარია და საბოლოო სურათს არ ასახავს, კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მედიასთან კომენტარების გაკეთებას ერიდებიან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე ინფორმაცია თითქმის ყოველ ერთ საათში იცვლება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კახეთის 5 რაიონში მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფლობს უპირატესობას, 3-ში კი - კოალიცია „ქართული ოცნების“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბში განაცხადეს, რომ არსებული წინასწარი მონაცემებით, მაჟორიტარული წესით მათი კანდიდატი გიორგი გოზალიშვილია გამარჯვებული, პროპორციულით კი კოალიცია „ქართული ოცნება“. შტაბის ხელმძღვანელის გურამ კაკალაშვილის თქმით, ისინი პარლამენტში 10–15 მანდატით უფრო მეტი იქნებიან:

„პროპორციული სისტემით “ქართული ოცნება” შეიყვანს მეტ დეპუტატს, ხოლო მაჟორიტარული სისტემით - “ნაციონალური მოძრაობა”. ვფიქრობ, რომ ჩვენ 10-15 ადგილით მეტი გვექნება, ანუ უმრავლესობა ვიქნებით პარლამენტში, „ოცნებასთან“ შედარებით. მაჟორიტარული რომ მოგებული გვაქვს, ამას რა თქმა უნდა!“

პროპორციული და მაჟორიტარული სიით, 1 ოქტომრის არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნება” ლიდერობს თელავში. #17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დავით მკალავიშვილმა განაცხადა, რომ საბოლოო შედეგებს, სავარაუდოდ, 3 დღეში გამოაქვეყნებენ:
თუ არ ჩავთვლით ცოდნისკარის ინციდენტს, ექსცესების გარეშე ჩაიარა ყველაფერმა. სერიოზული დარღვევა არ ყოფილა, იყო პატარ-პატარა უმნიშვნელო დარღვევები ...
ივანე ზურიკაშვილი

“ ‘ქართული ოცნების’ კანდიდატს თელავში, გელა სამხარაულს, აქვს 47.42%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ვასილ დავითაშვილს, აქვს 44.35%. როდესაც შემაჯამებელი ოქმი შედგება, მაშინ გვეცოდინება ზუსტი მონაცემები თელავის #17 საარჩევნო ოლქში.“

ლაგოდეხის #15 საოლქო სარჩევნო კომისიის მონაცემებით, საერთო ჯამში, არჩევნები ლაგოდეხში ძირეული დარღვევების გარეშე შედგა. საოლქო კომისიის თავმჯდომარე ივანე ზურიკაშვილი ამბობს, რომ, ცოდნისკარის საარჩევნო უბნის გარდა, საოლქოში არც ერთი საჩივარი არ შესულა:

„თუ არ ჩავთვლით ცოდნისკარის ინციდენტს, ექსცესების გარეშე ჩაიარა ყველაფერმა. სერიოზული დარღვევა არ ყოფილა, იყო პატარ-პატარა უმნიშვნელო დარღვევები, რომელსაც არ უმოქმედია კენჭისყრის პროცედურასა და არჩევნების შედეგებზე.“

ცოდნისკარის ინციდენტი, რომელიც ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ივანე ზურიკაშვილმა ახსენა, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა. სამინისტრო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ლუკა კურტანიძეს ცოდნისკარის საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის ორი წევრის ცემაში ადანაშაულებს. თავად ლუკა კურტანიძე ინციდენტს უარყოფს და ამბობს, რომ თუ მის დაკავებას გადაწყვეტენ, ის სამართალდამცავებს ცოცხალი არ ჩაბარდება.

„მე ე.წ. სამართალდამცავებს არ დავემორჩილები. მათ ცოცხალი ლუკა კურტანიძე არ ჩაბარდება და მართალი საზოგადოების წინაშე თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელი იქნება იმ სიტყვისა, რომელიც ჩვენ ვთქვით.“
არჩევნები კახეთში, საერთო ჯამში, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა იყო პროცედურული დარღვევები, რომლის შესახებაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები ლაპარაკობენ.

"თავისუფალი საქართველოს" რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში სარჩევნო კაბინებში რამდენიმე ადამიანი ერთდროულად შედიოდა.
სწორი იყო, რომ მშვიდობით და ცივილიზებულად ჩაიარა არჩევნებმა ...

სიღნაღის 28-ე და 29-ე უბნებზე, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა ვანო პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს გადაღების უფლება არ მისცა, ამის შემდეგ კი უბნებზე ხმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მისცეს, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ დარღვევად შეფასდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საარჩევნო ლიგის“ დამკვირვებელი ლალი ევდუშენკო კი ამბობს, რომ ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ამომრჩეველი სიაში თავს ვერ პოულობდა:

„მოდიოდა ხალხი, რომლებიც არ იყვნენ სიაში და უკან ვაბრუნებით. მე დასკვნა გამოვიტანე, რომ პიროვნებები, რომლებიც არ არიან იმ უბანში, სიაში არიან სხვა უბანში.“

საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკუთარ აზრს აფიქსირებენ მოქალაქეები:

“ხალხმა ამოისუნთქა!“

“სწორი იყო, რომ მშვიდობით და ცივილიზებულად ჩაიარა არჩევნებმა.”

“სადამდე იქნებოდა ძველებურად? კმაყოფილი ვარ, რომ მშვიდად ჩაიარა არჩევნებმა.”