რეპორტაჟი საარჩევნო უბნებიდან

1 ოქტომბერს თბილისის საარჩევნო უბნებში ამომრჩეველმა დილის რვა საათიდან დაიწყო მისვლა. ხმის მისაცემად მისული ადამიანები ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობდნენ. ნაწილი ღიად გამოხატავდა საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიებს, ნაწილიც თავის შეკავებას ამჯობინებდა. დღის განმავლობაში რადიო თავისუფლება თბილისის სხვადასხვა რაიონში რამდენიმე საარჩევნო უბანს ეწვია და ხალხის განწყობები ჩაიწერა.

დილის რვა საათია. ნარინჯისფერ ხალათებში ჩაცმული მეეზოვეები ქუჩებს გვიან. ავტობუსის გაჩერებაზე შუახნის კაცი დგას, ხელში პირადობის მოწმობით. - არჩევნებზე? ვეკითხებით. დიახ, არჩევნებზე, გვპასუხობს. ამბობს, დილითვე ჯობს ვალის მოხდა, მერე რიგი დადგებაო და თავის განწყობაზე ამბობს ერთ-ორ სიტყვას:

”მაინც იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება და თუ ასე არ მოხდა, ხალხი არ გაჩერდება.”

საარჩევნო უბნები უკვე ერთი საათია, რაც გაიხსნა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩევლებს სწორედ ამ წუთიდან შეუძლიათ. საარჩევნო უბანი #16, მეცნიერებათა აკადემიის შენობა. ცხრა საათისთვის აქ დაახლოებით 50 ადამიანია თავმოყრილი და მშვიდად ელის საკუთარ რიგს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს სპეციალური უნიფორმა აცვიათ, ღია მწვანე ფერის ჟილეტები. უბნის ტერიტორიაზე ამომრჩევლის ჩაწერა აკრძალულია, გარეთ გამოსულები უფრო თამამად ლაპარაკობენ საკუთარ არჩევანზე. ზოგი ვინაობის გამხელას ერიდება, ზოგიც - პირიქით:

”დროა რაღაც უკეთესობისკენ იყოს, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება.”
”იმედით მივედი, მაგრამ ძალიან მეშინია, რომ რამე ცუდი არ მოჰყვეს, არეულობა.”

მარკირების პროცესი

”ძალიან ცუდი განწყობით მივედი არჩევნებზე, კახეთში ბავშვის დაღუპვის ამბავი რომ გავიგე, მაგის შემდეგ განსაკუთრებით. დილით ადრე წამოვვარდი და წამოვედი, რომ ხმა მიმეცა.“

„უნდა შეიცვალოს ყველაფერი, ქვეყანა იღუპება.“

საარჩევნო უბნის წინ რამდენიმე ადამიანი ტრიალებს, ყოველი ამომრჩევლის გარეთ გამოსვლის დროს რვეულში რაღაცას აღნიშნავენ. ჩვენს კითხვას, თუ რას აკვირდებიან ან რას იწერენ რვეულში, არ პასუხობენ და ტერიტორიას ცოტა ხნით ტოვებენ.

სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გახსნილ #1 საარჩევნო უბანზე რიგი ორად იყოფა. შესასვლელში საარჩევნო სიებია გამოკრული, სადაც ამომრჩევლები საკუთარ სახელსა და გვარს ეძებენ. ამომრჩევლების ნაწილს ხელში საკუთარი კალამი უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კაბინაში მათ კალამი ხვდებათ, ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ საკუთარი კალმით შემოხაზვა ურჩევნიათ.

მარინა ნაჭყებიას 22-ე უბანზე ვხვდებით. ის ამბობს, რომ ხმა თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეას მისცა:

რიგი საარჩევნო უბანთან

”ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ჩემი აზრი და არჩევანი არ შეცვლილა. ყველა ქვეყანაში ხდება დარღვევები. რა თქმა უნდა, ადრეც უნდა მიეხედათ ამისთვის, მაგრამ დღეს მთავარია, რომ გამოასწორეს შეცდომა და დამნაშავეებსაც დასჯიან.”

მე-19 უბანზე მედიის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები არიან შეკრებილები. აქ ხმას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აძლევს.
მისი ესკორტის წასვლის შემდეგ ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. თამილა აბსანძეს ქვეყნის დღევანდელი კურსი მოსწონს. ფიქრობს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა:

”მე მომწონს ის კურსი, რაც დღეს საქართველოს აქვს აღებული. ხმაც ამ კურსს მივეცი.”

ამავე უბანზე მისცა ხმა ქალმა, რომელიც ამბობს, რომ მისი არჩევანი ძალადობის წინააღმდეგ მიმართულმა მისმა პროტესტმა განაპირობა:

”ხმა მივეცი ძალადობის წინააღმდეგ, ხაზინის ქურდების წინააღმდეგ, სამართლიანობისათვის და საქართველოს ნათელი მომავლისთვის. მე ასე მწამს.”