ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსა და რეგიონში

გასულ კვირას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მთავრობას ურჩია გადახედოს დაგეგმილი 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს შემცირების მიმართულებით. საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს, 5-პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, 4 პროცენტზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელოდება.

თუ პროგნოზი გამართლდა, ეს იქნება მესამე წელი, რაც საქართველოში დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა ვერ სრულდება. მოგეხსენებათ, 2013 წელს, 6-პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, დაფიქსირდა 3,3 პროცენტი, ხოლო 2014 წელს, ნაცვლად წინასწარი მონაცემების მიხედვით მოსალოდნელი 5-პროცენტიანი ზრდისა, დაფიქსირდა 4,7 პროცენტი.

მიმდინარე წელს, შეიძლება ითქვას, საგარეო ფაქტორებს და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს გადამწყვეტი გავლენა ექნება საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზების განახლებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ახალი მაჩვენებლები ითვალისწინებს ისეთ საგარეო ფაქტორებს, როგორიცაა ნავთობის მსოფლიო ფასების კლება და რუსეთის ეკონომიკის კრიზისი. განახლებული მაჩვენებლებით, რეგიონის ყველა ქვეყანას შეუმცირდა ეკონომიკური ზრდის წინასწარ განსაზღვრული პროგნოზი. საქართველოსთვის ეს პროგნოზი 4,2 პროცენტს უტოლდება, 0-პროცენტიანი ზრდა არის ნავარაუდევი სომხეთსა და მოლდოვაში, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი ქვეყანა რუსეთის ეკონომიკაზეა დამოკიდებული - განსაკუთრებით, ფულადი გზავნილების არხებით. ნავარაუდევია, რომ ნავთობზე ფასების კლების გამო, აზერბაიჯანი, როგორც ნავთობის იმპორტიორი ქვეყანა, მხოლოდ 1,5 პროცენტით გაიზრდება, 5 პროცენტით შემცირდება უკრაინის, 1,5 პროცენტით ბელარუსის, ხოლო 4,8 პროცენტით რუსეთის ეკონომიკა.

რას ნიშნავს რეალურად შემცირებული ეკონომიკური ზრდა? უპირველეს ყოვლისა, შემცირებული ბიზნესაქტივობა და ეკონომიკის სტაგნაცია იწვევს წინასწარ განსაზღვრული საბიუჯეტო პარამეტრების შესრულების პრობლემას. მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკის 5-პროცენტიან ზრდაზე, ასეთი პროგნოზით არის გაწერილი მოსალოდნელი შემოსავლების მაჩვენებლები, რომლებიც შემდეგ უნდა გაიხარჯოს სხვადასხვა მიმართულებით. შენელებული ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, შემოსავლებიდან დაგეგმილზე ნაკლების მობილიზება გამოიწვევს ხარჯების შემცირებას ან დეფიციტურ ხარჯვას.

ასეთ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობას ნაკლებად შეუძლია გავლენა მოახდინოს საგარეო ფაქტორებზე, აუცილებელია საშინაო პოლიტიკის გამართვა, რათა მინიმუმადე იყოს დაყვანილი საგარეო ფაქტორების ნეგატიური ეფექტი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის შენარჩუნება და ბიზნესისა და ინვესტორებისთვის დამატებითი ბარიერების არშექმნა. განსაკუთრებით ეს შეეხება დამატებითი რეგულაციების შექმნას და საკანონმდებლო ჩარჩოს გართულებას.