მომავალ წელს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამოქმედდება

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობის თანახმად, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. კანონპროექტით დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევა შემოდის.

ამ ცვლილებების თანახმად, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით შეირჩევა კონკურსის გზით. დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონით, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მისი თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა შეზღუდული არ არის. დეპოზიტების დაზღვევის საბჭოს 2 დამოუკიდებელი წევრი ეყოლება, რომელთაც კომერციული ბანკები აირჩევენ.

რაც შეეხება დეპოზიტების დაზღვევის ფონდს, ფონდი შედგება შემდეგი წყაროებისგან: პირველადი შენატანები, რეგულარული სადაზღვევო შენატანები, სპეციალური სადაზღვევო შენატანები, სააგენტოს მიერ საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებით მიღებული შემოსავალი, სადაზღვევო შემთხვევის მქონე კომერციული ბანკების აქტივებიდან მიღებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

ფონდში აკუმულირებულმა თანხებმა უნდა მიაღწიოს ფონდის მიზნობრივ ოდენობას, რომელიც დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 6 %-ს შეადგენს.

კომერციული ბანკი ვალდებულია ფონდში ერთჯერადად გადაიხადოს პირველადი შენატანი ფულადი ფორმით, 100 000 ლარის ოდენობით.

კომერციული ბანკი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს რეგულარული სადაზღვევო შენატანი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის კომერციულ ბანკში ეროვნული ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.067 %-ს, შესაბამის კომერციულ ბანკში უცხოური ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.1 %-ს.

თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ფონდში არ არის დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად საკმარისი თანხა, სააგენტოს უფლება აქვს კომერციულ ბანკს ერთჯერადად დამატებით დაუწესოს სპეციალური სადაზღვევო შენატანი.

დარღვევის გამოვლენისას სააგენტოს უფლება აქვს, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, გამოიყენოს შემდეგი სანქციები: კომერციულ ბანკს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება, კომერციულ ბანკს დააკისროს ფულადი სანქცია.

კომერციულ ბანკს შეიძლება დაეკისროს ფულადი სანქცია, თუ იგი:

დეპოზიტორებს ამ კანონისა და ინსტრუქციის შესაბამისად არ მიაწვდის ინფორმაციას დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ (ფულადი სანქციის ოდენობაა 1 000 ლარი), სააგენტოს ინსტრუქციით განსაზღვრული ფორმით ან პერიოდულობით არ წარუდგენს ზუსტ ინფორმაციას დეპოზიტების შესახებ (ფულადი სანქციის ოდენობაა 10 000 ლარი).