სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო იწყებს პროგრამა „დანერგე მომავალში“ ჩასართველად განცხადებების მიღების მეორე ეტაპს. პროგრამაში მოსახლეობის ჩართვის სტიმულირების მიზნით საქართველოს მთავრობამ პროგრამის დიზაინში შეტანილი ცვლილებები დაამტკიცა.
მრავალწლოვანი ბაღების კომპონენტში საქართველოს ყველა რეგიონში 5 ჰექტარის ნაცვლად მიწის მინიმალური ფართობი 1 ჰექტარით განისაზღვრა. ახალი დადგენილებით, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება, რამდენჯერმე ისარგებლოს პროგრამით, თუმცა დაფინანსება, ჯამში, 100 000 ლარს, ხოლო გაშენებული ბაღის ფართობი 20 ჰექტარს არ უნდა აღემატებოდეს.
ამ ცვლილებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში მიწის ფრაგმენტაციის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. საკმაოდ ძნელი გახდა 5-ჰექტარიანი ფერმერის მოძებნა, რომელიც პროგრამის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებდა.
არსებული ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამაში "დანერგე მომავალი" I ეტაპზე სულ 14 განაცხადი დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში, 89,63 ჰექტარზე, ჯამში, 575 889 ლარის დაფინანსებაა გაცემული.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამა „დანერგე მომავლის" განხორციელება თებერვლის ბოლოდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში მრავალწლოვანი ინტენსიური ბაღების გაშენება და თანამედროვე ტიპის სანერგე მეურნეობების მოწყობა.
რეგიონებს ინტენსიური ბაღების გასაშენებლად ახალი კულტურები დაემატა და დღეისათვის, პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონის მიხედვით, შემდეგი კულტურების დაფინანსებაა გათვალისწინებული: ვაშლი, ჟოლო, მაყვალი, გარგარი, კივი, ატამი, ქლიავი, ბალი, ტყემალი, ზეთის ხილი, ხურმა, ბროწეული, კაკალი, ნუში, თხილი, მსხალი, ალუბალი, შინდი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ლურჯი მოცვი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ფეიხოა.
დასავლეთ საქართველოში - კერძოდ, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში - თხილის კულტურის გაშენებისას მოიხსნა შეზღუდვა წვეთოვანი სარწყავი სისტემის სავალდებულო მოწყობის თაობაზე, რაც ბენეფიციარს თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს.
იმპორტის გზით ნერგების შეძენისას 20 %-ით გაიზარდა ერთ ნერგზე დაფინანსების თანხობრივი ლიმიტი.
ახალი განკარგულებით, ასევე შესაძლებელია ერთი ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მონაწილეობა.
უცვლელი დარჩა სახელმწიფო თანადაფინანსების პრინციპი: ბაღის გაშენებისას ნერგების ღირებულების 70 %-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს სააგენტო დააფინანსებს, სანერგე მეურნეობის შემთხვევაში კი დააფინანსებს მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 %-ს.
შესაბამისად, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, პროგრამით „დანერგე მომავალი" სარგებლობა უფრო მეტმა ფერმერმა უნდა შეძლოს. თუ ასე არ მოხდა, საკმაოდ რთული იქნება დასახული მიზნის მიღწევა, რომელიც ასეა განსაზღვრული:
პროექტის "დანერგე მომავალი" განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1000–1200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30-40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის გაშენება.