სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის თემა საქართველოში კვლავ ერთ-ერთი აქტუალური თემაა. გუშინ საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენითგანიხილა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები. საკანონმდებლო პაკეტი მორატორიუმის მოქმედების პერიოდში – ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისების შესაძლებლობას იძლევა.
კანონპროექტის თანახმად, განსაზღვრულია, რომ გამონაკლისის სახით სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების შეძენის უფლებამოსილება მიენიჭებათ:
– საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებს, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება წარმოეშობათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის ფარგლებში;
– განსაკუთრებულ შემთხვევებში, დასაბუთებული აუცილებლობის არსებობისას დაინტერესებულ პირებს მთავრობის გადაწყვეტილებით;
ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გუშინ გაავრცელა დასკვნა, რომელშიც ჩანაწერის მიღების შემთხვევაში არსებულ კორუფციულ რისკებზე საუბრობს. დასკვნაში, კერძოდ, ნათქვამია:
კანონპროექტი, ერთ-ერთი გამონაკლისის სახით, ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვას ისეთ ზოგად და ბუნდოვან საფუძველზე დაყრდნობით, როგორიცაა კანონპროექტში მითითებული –„განსაკუთრებული შემთხვევები“, მაშინ, როცა არანაირი დამატებითი დეტალები კანონპროექტით დარეგულირებული არ არის. სათანადო კრიტერიუმების, კონკრეტული წესებისა და რეგულაციების არარსებობის ფონზე, მხოლოდ „განსაკუთრებულ შემთხვევებზე“ მითითებით, მაღალია დაინტერესებულ პირთა მიმართ არათანასწორი მოპყრობის, მიკერძოებული დამოკიდებულების გამოვლენისა და რაც ყველაზე მთავარია – შესაძლო კორუფციული გარიგებების დადების რისკი. განსაკუთრებით გარდამავალ ეტაპზე, ახალი და უაღრესად შემზღუდველი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებამდე, ბუნებრივია, რომ მომეტებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების შეძენის ინტერესი. აღნიშნული კი ცხადია, კიდევ უფრო ზრდის, ბუნდოვანი კანონმდებლობის ფარგლებში, არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილებების მიღების რისკს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დასკვნით, ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, ცალსახაა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ შეფასდება დადებითად, საკითხის სრულყოფილი და განჭვრეტადი მოწესრიგების თვალსაზრისით.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს სახელმწიფოს არასტაბილური პოლიტიკა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის კუთხით. ორგანიზაცია წერს, რომ გადაწყვეტილებები საკითხის სათანადო გააზრებისა და ერთიანი ხედვის არარსებობის პირობებში მიიღება, რაც შესაძლოა შეუქცევადი ზიანის მომტანი გახდეს ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო რესურსისთვის, როგორსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, საკითხის მნიშვნელობისა და აქტუალობის გათვალისწინებით, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
ქაოტური საკანონმდებლო ცვლილებების თავიდან ასაცილებლად და სრულყოფილი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოსაყალიბებლად, უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვასთან დაკავშირებული გრძელვადიანი სისტემური ხედვის ჩამოყალიბება, რომელიც დაფუძნებული იქნება დღეისთვის არსებულ ფაქტობრივ რეალობაზე, კარგ საერთაშორისო პრაქტიკასა და სწორ ბალანსზე ადამიანის უფლებებსა და სხვა ლეგიტიმურ ინტერესებს შორის.
საქართველოს პარლამენტს კი ურჩევს – მთავრობის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვასთან დაკავშირებით გრძელვადიანი სისტემური ხედვის ჩამოყალიბების შემდეგ, უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, ექსპერტული წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.