“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” საქართველოს ბაზარზე კომუნალური მომსახურების სფეროს ორგანიზაციისთვის უპრეცედენტო მოცულობის - 40 მლნ ლარის - ობლიგაციების კერძო განთავსება წარმატებით განახორციელა, - იუწყებიან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან”.
მათივე ინფორმაციით, ლარში ნომინირებული 6-თვიანი ობლიგაციებით მიღებული თანხა კაპიტალურ საინვესტიციო პროექტებს მოხმარდება. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების წლიური სარგებელი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 4 %-ია. ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ გამოცემული ობლიგაციები კომპანია „გალტ&თაგარტმა” განათავსა. დამატებითი 40 მილიონი ლარის რესურსი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებასა და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
GWP-ი ფასიანი ქაღალდების ემისიას უკვე მეოთხედ ახორციელებს. პირველად 2.6 მლნ ლარის ობლიგაციები კომპანიამ 2015 წლის აგვისტოში გამოუშვა. იმავე წლის 10 დეკემბერს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” 6 მლნ ლარის, ხოლო მესამედ 2016 წლის 7 დეკემბერს 30 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა.
ამ ფონზე საინტერესოა, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე ეროვნულმა ბანკმა კორპორაციულ ობლიგაციებში ინვესტირების მსურველებისათვის გაფრთხილება გამოაქვეყნა. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, კორპორაციული ობლიგაციები არ არის უზრუნველყოფილი არც სახელმწიფოს და არც ეროვნული ბანკის გარანტიით.
”ინვესტირებული თანხის ძირისა და პროცენტის გადახდა დამოკიდებულია კომპანიის გადახდისუნარიანობაზე. გარდა ამისა, ფინანსურმა ინსტრუმენტმა შესაძლოა ნაწილობრივ ან სრულად დაკარგოს საბაზრო ღირებულება. ამიტომ ასეთ ინსტრუმენტებში ფულის დაბანდება ინვესტორის პირად რისკთან არის დაკავშირებული და შესაბამის სიფრთხილესა და ანალიზს საჭიროებს.
თუკი კორპორაციულ ობლიგაციაში ინვესტირებას გადაწყვეტთ, მხოლოდ დაპირებული საპროცენტო განაკვეთის შესახებ ინფორმაციის მიღება არ არის საკმარისი - აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ ინვესტიციასთან დაკავშირებულ რისკებზეც. ეს რისკები ძირითადად ჩამოთვლილი და განხილული უნდა იყოს ობლიგაციების ემისიის პროსპექტში. ემიტენტი კომპანია და კომპანიის სახელით ობლიგაციების გაყიდვით დაკავებული ბროკერი ვალდებულნი არიან ობლიგაციის შესყიდვით დაინტერესებულ ყველა პირს მიაწოდონ ამ პროსპექტის ასლი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი აფრთხილებს კორპორაციულ ობლიგაციებში ინვესტირების მსურველებს, გადაწყვეტილების მიღებისას განახორციელონ შემდეგი ნაბიჯები: მოითხოვონ პროსპექტის ასლი (არ მოახდინოთ ინვესტირება, თუ არ მიგიღიათ პროსპექტის ასლი); დეტალურად განიხილონ ინვესტიციასთან დაკავშირებული რისკი (თუ კარგად არ გესმით რისკის ფაქტორები, გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალთან, უმჯობესია ნეიტრალურ მესამე პირთან); უარი თქვან ინვესტიციის განხორციელებაზე, თუ ვერ მოხერხდა რისკების ადეკვატურად შეფასება.
დაბოლოს, როგორც წესი, მაღალი შემოსავლის მქონე ინვესტიცია ნიშნავს მაღალ რისკს, თუმცა მაღალი რისკის მქონე ინვესტიციას ყოველთვის შესაბამისად მაღალი შემოსავლიანობა შეიძლება არ ჰქონდეს. ამიტომ, შეპირებული საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად, პოტენციურმა ინვესტორმა უნდა გადახედოს/შეისწავლოს პროსპექტში გაშლილი რისკის ფაქტორები და მოიძიოს დახმარება პროფესიონალისგან. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ლიცენზირებული ბროკერის ნაცვლად პირდაპირ კომპანიის მიერ გაკეთებული შემოთავაზების შემთხვევაში ინვესტირებისას”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ერთი მხრივ, ეროვნული ბანკის ეს განცხადება პოტენციურ ინვესტორთა ინტერესების დაცვისკენაა მიმართული, თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა არასასიკეთოდ აისახოს კორპორაციული ფასიანი ქაღალდების შექმნის პერსპექტივაზე, რაც არცთუ უმნიშვნელო თემაა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.