ქვეყნის სავალუტო შემოდინებები ივნისში

ეროვნული ბანკი ყოველთვიურად აკეთებს ერთი თვის ფინანსურ მიმოხილვას, რომელიც წარმოდგენას ქმნის ქვეყნის ფინანსურ ბაზარზე მოქმედი ფაქტორების შესახებ. დღეს ამ მონაცემებიდან მიმოვიხილავთ ფულადი გზავნილების, ტურიზმიდან შემოსული თანხებისა და ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების სტატისტიკას.

ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წლის ივნისში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით ჩამორიცხული თანხების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 17.1 პროცენტით გაიზარდა და 117.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 9.4 პროცენტით გაიზარდა და 17.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილების ძირითადი წყაროა რუსეთი (34 პროცენტი) და ევროკავშირის ქვეყნები (30 პროცენტი). მნიშვნელოვანია ასევე მთლიან ფულად გზავნილებში აშშ-ის, ისრაელისა და თურქეთის წილი.

ივნისში განსაკუთრებით მაღალი ტემპით გაიზარდა ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები (2.1-ჯერ), რომლის წვლილმა მთლიანი გზავნილების ზრდაში 5.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მაღალი წილი, 3.7 პროცენტული პუნქტი, ჰქონდა რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდასაც. ძირითადი ქვეყნებიდან ფულადი ტრანსფერების ზრდაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია თურქეთიდან (22.2 პროცენტით) და აშშ- დან (14.5 პროცენტით) გზავნილების მატებამ.

ივნისში მოიმატა ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა ფულადმა სახსრებმა (9.5 პროცენტით), რაც ძირითადად იტალიიდან (15.5 პროცენტით), ესპანეთიდან (15.8 პროცენტით) და საბერძნეთიდან (4.1 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა.

მოიმატა ასევე გზავნილებმ ევროკავშირის ქვეყნებიდან, კერძოდ, საფრანგეთიდან და გერმანიიდან. რეგიონში გაზრდილია უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები.

რაც შეეხება ტურიზმიდან შემოსულ სახსრებს, 2017 წლის ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 28.5 პროცენტით გაიზარდა. ამათგან ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 49.3 პროცენტი შეადგინა და წლიურად 43.0 პროცენტით მოიმატა. ივნისში ასევე გაიზარდა ტრანზიტული და ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა. 2017 წლის ივნისში რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო მოგზაურების ზრდა სომხეთიდან (28.8 პროცენტით), რუსეთიდან (45.0 პროცენტით) აზერბაიჯანიდან (16.6 პროცენტით) და უკრაინიდან (14.4 პროცენტით) ვიზიტორების მატებამ განაპირობა. კვლავ შემცირებულია თურქეთიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვი. მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს ირანიდან ვიზიტორების რაოდენობა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდებოდა ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურების მხრივ, სადაც ყველაზე დიდი წილი პოლონეთსა და გერმანიას აქვს. კვლავ გაიზარდა ინდოეთიდან, ისრაელიდან და ყაზახეთიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა.

ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მდგომარეობა კი ასეთია: 2017 წლის ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 130.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. საანგარიშო თვეში რეზერვების მატება დიდწილად სავალუტო ინტერვენციების შედეგია, სადაც ეროვნულმა ბანკმა 70 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. გარდა ამისა, ივნისის თვეში ჩაირიცხა მსოფლიო ბანკის ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხი 53 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.

ეს მონაცემები, ცხადია, დადებითად აისახა ლარის კურსზე, რაც დოლარის შემოდინებების ზრდის პოზიტიური ეფექტია. ტრადიციულად ეს ეფექტი ნაწილობრივ იკლებს ხოლმე სასექტემბროდ, თუმცა რა დოზით, ამაზე საუბარი უკვე შემოდგომის დადგომის შემდეგ იქნება შესაძლებელი.