2017 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმაზრდამ 4.6 % შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2017 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,0 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,5 პროცენტი შეადგინა.
პარალელურად ეროვნული ბანკი აქვეყნებს ივნისის თვის მიმოხილვას, რომლის თანახმად, 2017 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინფლაციამ 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით, ფასების საერთო დონემ 0.4 პროცენტით დაიკლო.
მთლიანი ინფლაციის მატება განსაკუთრებით იმპორტირებულ საქონელზე აისახებოდა და ივნისში 9.8 პროცენტს შეადგენდა. ამის მიზეზი, პირველ რიგში, კვლავ საწვავისა და სიგარეტის გაძვირებაა. შედარებით დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება შერეული და ადგილობრივი პროდუქტების ინფლაცია. ივნისში მათი დონე, შესაბამისად, 8.7 და 5.1 პროცენტით განისაზღვრა. ფასები საქონელზე, რომლითაც კარგად ვაჭრობენ, 9.3 პროცენტით, ხოლო რომელიც მაინცდამაინც კარგად არ იყიდება, 4 პროცენტით გაიზარდა.
როგორც „თვის მიმოხილვაშია“ აღნიშნული, წლიურად ფასების მატება უმთავრესად თამბაქოსა და საწვავზე აქციზის მატებით და, ასევე, ნავთობის მსოფლიო ფასების გაძვირებით არის გამოწვეული. წლიური ინფლაციიდან 2.6 პროცენტული პუნქტი ამ პროდუქტების გაძვირებაზე მოდის, 2.7 პროცენტი - სურსათის, ხოლო 1.8 პროცენტი - დანარჩენი პროდუქტების გაძვირებაზე.
ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით, ბოსტნეულსა და ხილზე, საერთო ჯამში, ფასებმა საგრძნობლად იმატა. თითქმის 34 პროცენტით გაძვირდა ბოსტნეულის, ხოლო 16 პროცენტით ხილის ქვეჯგუფში შემავალი პროდუქტის ფასები. თითქმის 10 პროცენტით მოიმატა ფასებმა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე;
რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფის ფასებმა 11 პროცენტით მოიმატა. წინა პერიოდებთან შედარებით, კლებულობს, თუმცა ჯერ ისევ მაღალია შაქრის შემცველ პროდუქტებზე ფასები, რომელთა მატება 10.4 პროცენტია.
„თვის მიმოხილვის“ თანახმად, დანარჩენი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება სისხლძარღვთა გამაფართოებელი და საჭმლის მომნელებელი სისტემის მედიკამენტებზე, შესაბამისად , 34 და 28 პროცენტით.
საინტერესოა ასევე, რომ, მიმოხილვის თანახმად, საწვავსა და სურსათზე შედარებით მაღალი ფასების გამო საბაზო ინფლაციის დონე, საერთო ინფლაციასთან შედარებით, დაბალია და 4.5 პროცენტს შეადგენს.
მიუხედავად ამისა, ციფრები მოწმობს, რომ პირველადი მოხმარების ისეთ პროდუქტზე, როგორიცაა ხილი და ბოსტნეული, ფასები გაზრდილია, რაც უდავოდ აისახა მოსახლეობის ჯიბესა და მყიდველუნარიანობაზე.