2017 წლის პირველ ნახევარში ღვინის ექსპორტმა მოიმატა, რაც უმთავრესად ჩინეთისა და რუსეთის ბაზრის დამსახურებაა. თუმცა, ამ მატების მიუხედავად, წამყვანი პოზიცია ბაზარზე მაინც რუსეთს ეკუთვნის. ზოგადი სტატისტიკური მონაცემები კი ასე გამოიყურება:
2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 59 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 70,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 51 %-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 104 % (3 842 412), რუსეთი - 89 % (19 313 343), უკრაინა - 30 % (2 983 000), პოლონეთი - 13 % (1 212 704), ლატვია - 19 % (685 508), ბელარუსი - 43 % (660 674), გერმანია - 20 % (200 440), აშშ - 43 % (176 274), ისრაელი - 150 % (105 710), საფრანგეთი - 457 % (95 530), აზერბაიჯანი - 241 % (87 402) და სხვა.
აღსანიშნავი ამბავია ისიც, რომ საექსპორტო ბაზრის პირველ ხუთეულში რუსეთთან, ჩინეთსა და ტრადიციულ უკრაინასთან ერთად ევროკავშირის ქვეყანა პოლონეთიც და შუა აზიის ქვეყანა ყაზახეთიც მოხვდა. კერძოდ, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი - 19 მილიონ 313 343, ჩინეთი - 3 მილიონ 842 412, უკრაინა - 2 მილიონ 983 000, პოლონეთი - 1 212 704 და ყაზახეთი - 1 მილიონ 163 827 ბოთლი.
ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 მილიონ 858 734 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 85%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 16 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 88 %-ს აღწევს.
საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 89 910 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ექსპორტის ზრდამ 110 % შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 245,6 ათას აშშ დოლარს შეადგენს. ზრდამ, გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 52 %-ს მიაღწია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 122,14 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ, 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 56 % შეადგინა.