სესხების ლარიზაცია იზრდება, დეპოზიტების  მცირდება - საქართველოს ბანკები 2017 წლის მაისში

2017 წლის 26 ივნისს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ეროვნულ ვალუტა ლარში გაცემული სესხების რაოდენობა იმატებს, რაც ხელისუფლების მიერ ლარიზაციის პროექტის განხორციელებისა და 100 000 ლარამდე კრედიტის ლარში აღების ვალდებულების ლოგიკური შედეგია. თუმცა იგივე სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამან ვერ გაზარდა ლარისადმი საზოგადოების ნდობა იმდენად, რომ მოსახლეობამ ანაბრების შენახვა ლარში გადაწყვიტოს.

Your browser doesn’t support HTML5

სესხების ლარიზაცია იზრდება, დეპოზიტების მცირდება - საქართველოს ბანკები 2017 წლის მაისში

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2017 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, 172.3 მლნ ლარით (0.9 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 1.3 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 18.7 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე ხანებში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 157.3 მლნ ლარით (2.1 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 15.0 მლნ ლარით (0.1 პროცენტით) გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემულიჰქონდათ 2.2 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით, 0.9 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 6.1 მლრდ ლარის (0.2 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.8 პროცენტით მეტი).

2017 წლის მაისის განმავლობაში 1.4 პროცენტით, ანუ 127.6 მლნ ლარით, გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირებისა და კრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 9.6 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 40.10 პროცენტი შეადგინა. პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.34 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, განსხვავებული ტენდენციაა დეპოზიტების ლარიზაციის მიმართულებით. მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 31.42 პროცენტი შეადგინა. პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.05 პროცენტული პუნქტით შემცირდა.უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 86.0 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 11.4 პროცენტი შეადგინა.

ეს ტენდენცია ნარჩუნდება, იმის მიუხედავად, რომ უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე პროცენტი მინიმალურია: ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.9 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.6 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.2 პროცენტი.

ამასთან, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი ივნისისათვის 16.4 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 173.4 მლნ ლარით, ანუ 1.1 პროცენტით, მეტია პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე, 1.5 პროცენტით მეტი). მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 49.7 მლნ ლარით, ანუ 0.6 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 123.6 მლნ ლარით, ანუ 1.7 პროცენტით.