ხელისუფლება გეგმავს გაუქმდეს კონსტიტუციის 94-ე მუხლი

კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვათბილისში

ხელისუფლება აპირებს გააუქმოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, რომლის თანახმად, ახალი გადასახადის შემოღება ან გადასახადის განაკვეთის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლება გადასახადების გაზრდისთვის ნიადაგის შემზადებას გეგმავს და ამას საკონსტიტუტიო ცვლილებით იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად, მსგავსი ჩანაწერი კონსტიტუციაში საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა და თავის დროზეც თითქოსდა მხოლოდ დეკლარაციული და ფორმალური ხასიათი ჰქონდა, ამჯერად ის უკვე ფაქტობრივ დატვირთვას იძენს.

Your browser doesn’t support HTML5

ხელისუფლება გეგმავს გაუქმდეს კონსტიტუციის 94-ე მუხლი

94-ე მუხლის გაუქმების არგუმენტირებისას ექსპერტები სხვა საკითხებთან ერთად ხაზს უსვამენ შემდეგ გარემოებას: არსებობს დაშვება, რომ კონსტიტუცია პოლიტიკურ ხელისუფლებას უნდა აძლევდეს საშუალებას, დემოკრატიული პროცესის ფარგლებში ქმედითად წარმართოს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა. დაუშვებელია, კონსტიტუციამ აკრძალოს ესა თუ ის საგადასახადო პოლიტიკა. კონსტიტუციის 94-ე მუხლი იცავს ისეთ ეკონომიკას, სადაც დაბალი გადასახადებია. კონსტიტუციის 94-ე მუხლი უნდა გაუქმდეს, რადგან დაუშვებელია, კონკრეტული ეკონომიკური პოლიტიკა კონსტიტუციური მუდმივობით იყოს დაცული.

არგუმენტთა მთელი წყება კი სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდას ემსახურება, რაც დასაქმებული, ანუ შემოსავლიანი, ადამიანების ხარჯზე, შესაძლოა, საგადასახადო ტვირთის დამძიმებით გამოიხატოს.

გუშინ ბიზნესსაზოგადოებამ სცადა ამ ტენდენციისთვის საწინააღმდეგო არგუმენტაცია დაეპირისპირებინა.

„წამყვანი ბიზნესგაერთიანებები მივიჩნევთ, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლის არსებული ფორმით შენარჩუნება აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის, სტაბილური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შენარჩუნებისათვის“ , - ნათქვამია საქართველოს წამყვანი ბიზნესგაერთიანებების ერთობლივ განცხადებაში.

ჩანაწერის შენარჩუნების აუცილებლობას ბიზნესმენები შემდეგი არგუმენტებით ასაბუთებენ:

მნიშვნელოვანია საქართველოში უნიკალურად მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შენარჩუნება და განმტკიცება. აღნიშნული ჩანაწერი საკონსტიტუციო დონეზე უზრუნველყოფს ფისკალური პოლიტიკის სტაბილურობასა და განჭვრეტადობას, რითაც მიმზიდველს ხდის საქართველოს უცხოური ინვესტიციებისთვის, ასევე, ხელს უწყობს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას. მისი შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რამდენადაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა დიდწილად უცხოური ინვესტიციებითა და ადგილობრივი მეწარმეების საინვესტიციო აქტივობითაა განპირობებული.

ინვესტორს აქვს შესაძლებლობ, განახორციელოს ინვესტიცია რეგიონისა თუ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და, ამ მხრივ, კონკურენცია ქვეყნებს შორის მუდმივად იზრდება. ინვესტიციების მოსაზიდად საქართველო ინვესტორს უნდა სთავაზობდეს უნიკალურ, სტაბილურ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში არ არის ნათელი, რა კონკურენტული უპირატესობა აქვს საქართველოს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, რეგიონთან შედარებით.

ამ ჩანაწერის გაუქმება საგრძნობლად გააუარესებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით და შეამცირებს ინვესტიციების შემოდინებას, რაც ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას.

ამიტომ, ბიზნესმენებს მიაჩნიათ, რომ აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს აღნიშნული საკონსტიტუციო ჩანაწერი და მის შესაბამისად მიღებული ორგანული კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“.

ამასთანავე, ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თავად გადაწყვიტონ გაიზარდოს თუ არა მათი გადასახადები.

მოქალაქეების უფლება, რეფერენდუმის გზით გადაწყვიტონ გადასახადების გაზრდის საკითხი, უშუალოდაა დაკავშირებული მათ უფლებასთან განკარგონ საკუთარი შრომის შედეგად მიღებული შემოსავლები და ეს განახორციელონ პირდაპირი დემოკრატიის ფორმით.

გუშინ გავრცელებულ განცხადებას საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა ბიზნესგაერთიანება აწერს ხელს.