საქართველოს სახელმწიფოს შიდა ვალი იზრდება

საქართველოს სახელმწიფოს საშინაო ვალი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 500,4 მილიონი ლარით, ანუ, დაახლოებით, 23,2 %–ით, გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის მაისის მდგომარეობით, საშინაო ვალის ნაშთი 2 მილიარდ 154 მილიონ 757 ათასი ლარი იყო, 2017 წლის მაისში კი ვალის მოცულობა 2 მილიარდ 655 ათას 160 800 ლარამდე გაიზარდა.

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს სახელმწიფოს შიდა ვალი იზრდება

შიდა ვალის ზრდამ ძირითადად სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოცემის შედეგად იმატა. 2016 წლის მაისში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით აღებული ვალის ნაშთის მოცულობა 1 მილიარდ 995 მილიონ 805 ათას ლარს შეადგენდა, 2017 წელს კი 2 მილიარდ 159 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით აღებული ვალის ნაშთს, ხელისფლება ამბობს, რომ აქ ტენდენცია შემცირებისკენ წავიდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის მაისის მდგომარეობით, სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით აღებული ვალის ნაშთი 495,8 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 7 მილიონი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის მაისისთვის სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით აღებული ვალის მოცულობა 502, 8 მილიონ ლარს შეადგენდა.

2016 წელს შიდა ვალის ზრდის მიზეზებს აუდიტის სახელმწიფო სამსახური პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში განმარტავს. ამ ანგარიშის თანახმად, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხორციელების ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენდა საშინაო ვალის მობილიზების ტენდენციები, რის შედეგადაც საბიუჯეტო წლის ბოლოს მოსალოდნელი იყო საშინაო ვალის ზღვრული ლიმიტის დარღვევა. საშინაო ვალის გადაჭარბებით მობილიზება გამოწვეული იყო საგარეო წყაროებიდან მოსალოდნელი მისაღები რესურსების შემცირებით.

როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, სახელმწიფო ვალის მაჩვენებელში არ შედის სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ აღებული ვალი, მათ შორის, არც ისეთი ვალდებულებები, რომელთა დაფარვაც უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება. სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ვალდებულებები სახელმწიფოს პირობითი ვალდებულებებია და, საერთაშორისო სტანდარტებით, სახელმწიფო ვალის ნაწილს მიეკუთვნება.

„აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც მოცემული პირობითი ვალდებულება გარდაიქმნება სახელმწიფოს პირდაპირ ვალდებულებად და მათი დაფარვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აქედან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ვალის აღრიცხვის არსებული პრაქტიკა არ შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებს და ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო ვალის შესახებ ინფორმაციის სისრულესა და გამჭვირვალობას“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაში.

ზოგადად, სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელმა (44.5 %) საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“-ით დადგენილ 40 %-იან ნიშნულს 2016 წელსაც გადააჭარბა, - ამის შესახებ ნათქვამია ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშზე“ მომზადებულ მოხსენებაში.