ავტოდაზღვევა და სადაზღვევო სისტემა საქართველოში

საქართველოს სადაზღვევო სექტორმა 2017 წლის პირველი კვარტალი 5,67 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა, რაც 1,30 მლნ ლარით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის პირველ კვარტალში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ 4,37 მლნ ლარი შეადგინა.

ამასთან, 2017 წლის პირველ კვარტალში სადაზღვევო კომპანიების მთლიანი აქტივები, 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 538,72 მლნ ლარიდან 586,03 მლნ ლარამდე, კაპიტალი კი - 114,05 მლნ ლარიდან 145,03 მლნ ლარამდე გაიზარდა.

2017 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე რეგისტრირებულია 15 სადაზღვევო კომპანია, მათგან 14 ფლობს როგორც სიცოცხლის, ისე არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი - მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევისას.

პირველ ადგილზე, დაზღვევის მიხედვით, ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისია. მას მოსდევს ავტომობილების დაზღვევის სერვისი, რომლის სტატისტიკაც მედიას გუშინ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა მიაწოდა.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილებიდან დაზღვეული მხოლოდ 4,3 %-ია.

მათი ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში დაზღვეული იყო მხოლოდ 56 112 ერთეული ავტომანქანა. 2017 წლის პირველი კვარტალის სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს, 2016 წლის მონაცემით კი, ქვეყანაში სულ 1 126 470 ავტომანქანა იყო რეგისტრირებული. ამავე სტატისტიკით, ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (91%) 2007 წლამდეა წარმოებული. 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოპარკის მხოლოდ 1,3 %-ს შეადგენს. (შსს-ს 2017 წლის ოფიციალური სტატისტიკა ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს. თუ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემს გავითვალისწინებთ, გამოვა, რომ 2 თვეში, დაახლოებით, 150–180 ათასით არის გაზრდილი).

მათივე ინფორმაციით, დაზღვეული ავტომობილები სახელმწიფო ორგანიზაციების და უცხოური ორგანიზაციებისაა (იმ ქვეყნების, სადაც დაზღვევა ყოველდღიურ კულტურაშია). გარდა ამისა, ეს არის ის ავტომობილები, რომლებიც ნაყიდია კრედიტით ან გირაოშია ჩადებული, დალომბარდებული და დაზღევაც კრედიტის გამცემის მიერაა მოთხოვნილი.

საქართველოში ავტოპარკს ყოველწლიურად 70 000 -100 000 ახალი ავტომობილი ემატება, საიდანაც მხოლოდ მცირე ნაწილი ეზღვევა. სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი ამ სიტუაციიდან გამოსავალს ქვეყნის განვითარებაში და, შესაბამისად, სადაზღვევო კულტურის ამაღლებაში ხედავს.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, Insurance Research Council-ის მონაცემებით, 2016 წელს ამერიკაში ავტოპარკის 87.4 პროცენტი იყო დაზღვეული.