საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირების ტემპი მატულობს

იუსტიციის სახლი

საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირების ტემპი მატულობს, თუმცა ტენდენცია, რომ თბილისი ეკონომიკურად ყველაზე აქტიურია სხვა რეგიონებთან შედარებით, უცვლელი რჩება.

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირების ტემპი მატულობს

2017 წლის მარტში ყველაზე მეტი, 2 193, ბიზნესსუბიექტი თბილისში, ყველაზე ცოტა კი, 67 ერთეული, თვითმმართველი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდა.

მართალია, ბიზნესის რეგისტრაცია ჯერ კიდევ არ აჩვენებს, რომ ეს ბიზნესი აქტიურია და, მით უმეტეს, მომგებიანი. მაგრამ ეს სტატისტიკა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანაში აქტივობის სურვილი არსებობს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის მარტში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 5 071 ერთეული შეადგინა, რაც, თებერვალთან შედარებით, 24.4 %-ით, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 3.3 %-ით მეტია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მარტში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტებიდან 95.4 % სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 4.6 % - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).

2017 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 24.0 %-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 33.9 %-ით გაიზარდა. განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 3.6 %-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 3.3 %-ით შემცირდა.

წინა თვეში ბიზნესსუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 394 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 47.2 %) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (2 376 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 46.9 %) სახით. როგორც ჩანს, ბიზნესსუბიექტთა 94.1 % მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას.

ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 232 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 39 კოოპერატივი, 17 სააქციო საზოგადოება, 10 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 1 კომანდიტური საზოგადოება, 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და 1 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.