სსფ-ს პროგნოზები საქართველოს ეკონომიკის შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებს და საქართველოს ეკონომიკის მომავალთან დაკავშირებით პროგნოზებს აკეთებს. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ სსფ-მ სავალუტო რეზერვების შესავსებად და რეფორმების მხარდასაჭერად საქართველოს დაფინანსება გამოუყო. გადაწყვეტილების გახმაურების პარალელურად სავალუტო ფონდის ექსპერტები გასულ წელს აანალიზებენ და პროგნოზებს აკეთებენ.

Your browser doesn’t support HTML5

სსფ-ს პროგნოზები საქართველოს ეკონომიკის შესახებ

ფონდის პროგნოზით, ინფლაცია საქართველოში სამიზნე მაჩვენებელს 2018 წელს გაუტოლდება და ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენა ექნება რეგიონსა და მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ძნელად პროგნოზირებად მოვლენებს.

ფონდში აღნიშნავენ, რომ, რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა მოკრძალებული ტემპით, 2.7 პროცენტით, გაიზარდა. ეს განაპირობა სავაჭრო პარტნიორთა ზრდის შენელებამ 2014 წლიდან დაწყებული. ინფლაციაც დაბალი იყო. ეროვნული ბანკის პოლიტიკის განაკვეთის კლების მიუხედავად, ინფლაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა სამიზნე მაჩვენებელს - 5 პროცენტს.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ოდნავ გაიზარდა მშპ-ს 12.4 პროცენტამდე, გაუარესებული სავაჭრო სალდოს გამო, თუმცა კვლავაც მეტწილად პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ფინანსდებოდა. საგარეო ვალმა, რომელიც ძირითადად შეღავათიანი პირობებითაა ნასესხები, თითქმის მშპ-ს 110 პროცენტს მიაღწია, ნაწილობრივ, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო. 2016 წლის ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 4.1 პროცენტს გაუთანაბრდა და აღემატა პროგნოზირებულ 3.0 პროცენტს. მიმდინარე ხარჯებსა და ბიუჯეტის მიერ გაცემული სესხების გადაჭარბება მხოლოდ ნაწილობრივ დაბალანსდა აქციზიდან და მოგების გადასახადიდან მიღებული, მოსალოდნელზე მეტი, შემოსავლით.

2016 წლის განმავლობაში გაცვლითი კურსი მერყეობით ხასიათდებოდა, რაც, ზედმეტი რყევების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ეროვნულ ბანკს უბიძგებდა სავალუტო ბაზარზე ჩარეულიყო ვალუტის როგორც ყიდვის, ისე გაყიდვის მიმართულებით. საქართველოს საბანკო სექტორი, მიუხედავად დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლისა, მდგრადია, ხოლო ვადაგადაცილებული ვალების მაჩვენებელი მხოლოდ მცირედით გაიზარდა.

საბანკო სექტორის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ბანკების კაპიტალი, ლიკვიდურობა და მომგებიანობა ადეკვატური იყო. ბანკების საკრედიტო პორტფელი 12 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე). 2017 წელს მოსალოდნელია მშპ 3.5 პროცენტით გაიზარდოს. ინფლაცია ეროვნული ბანკის 4- პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბებს: წინა პერიოდში ვალუტის გაუფასურების, მაღალი სასაქონლო ფასებისა და აქციზის ზრდის გამო. ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს 2018 წელს გაუტოლდება. საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა ექნება რეგიონსა და მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ძნელად პროგნოზირებად მოვლენებს.