ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2017 წლის 1 აპრილიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული სერვისები ამოქმედდება. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ცვლილებების პროექტი მედიის წარმომადგენლებს გააცნო. ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება.
პირველ მიზნობრივ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისები უცვლელად შეუნარჩუნდებათ და ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა დაემატება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტის II ტიპი, ბრონქიალური ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები - ეს იმ დაავადებათა ჩამონათვალია, რომელთა სამკურნალო მედიკამენტებიც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. პირველ მიზნობრივ ჯგუფში 5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პედაგოგები, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სოციალურად დაუცველები შედიან - ჯამში, მილიონ 700 ათასი ადამიანი.
მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.
ცვლილებები განხორციელდა საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეების სერვისების მოცულობაშიც.
მოზარდებსა და იმ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ.
მიზნობრივ ჯგუფებს, მოზარდებს, დაბალი და არარეგულარული შემოსავლისა და 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით სარგებლობის პრივილეგია მიენიჭათ.
პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს დაუფინანსდება. ასევე, ყველა ჯგუფი დარჩება ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების მოსარგებლედ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით.
როგორც მთავრობაში აცხადებენ, ცვლილებებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ძალაში მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ შევა.
დღეისათვის, არსებული ინფორმაციით, პირველ მიზნობრივ ჯგუფში 5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პედაგოგები, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სოციალურად დაუცველები შედიან - როგორც აღვნიშნეთ, ჯამში, მილიონ 700 ათასი ადამიანი.
მეორე ჯგუფში შედიან ისინი, ვისაც თვეში 900 ლარზე მეტი შემოსავალი აქვს. მათი რიცხვი 332 ათასამდეა.
მესამე ჯგუფში მოხვდა ყველა, ვისი შემოსავალიც 900 ლარზე ნაკლებია, მათ შორის, 6-დან 18 წლამდე მოზარდები, რამაც, ჯამში, მილიონ 752 ათასი ბენეფიციარი შეადგინა.
როგორც უკვე ვთქვით, მთავრობის გეგმით, მეორე ჯგუფიდან ისინი, ვისაც 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავალი აქვს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ამოვარდებიან და საკუთარ ჯანმრთელობაზე თავად იზრუნებენ. მათი რაოდენობა, ოფიციალური სტატისტიკით, 32 000-ის ფარგლებშია. ამ ციფრს ექსპერტები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და მიაჩნიათ, რომ აქ, შესაძლოა, აღრიცხვის პრობლემასთან გვქონდეს საქმე.
მესამე ჯგუფისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ონკოლოგიურ სერვისზე წვდომა უქმდება, უმცირდებათ სხვა სერვისების დაფინანსებაც და 3 თვის ვადა ეძლევათ ამ რეჟიმში დასარჩენად.