მთავრობის დადგენილებით, საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი იწყება. როგორც მთავრობის 14 თებერვლის დადგენილებაშია აღნიშნული, მონიტორინგის მიზანი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენციაა.
Your browser doesn’t support HTML5
რაც შეეხება დეკლარაციების შერჩევას, ეს პროცესი რამდენიმე პრინციპით წარიმართება: შემთხვევითი შერჩევა, დასაბუთებული წერილობითი განცხადება და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ ყველა დეკლარაცია არ შემოწმდება. ამიტომ, ცხადია, საინტერესოა ის მექანიზმი, რამაც უნდა უზრუნველყოს ობიექტური შერჩევა.
ხელისუფლების ვერსია ასეთია: დეკლარაციას შეარჩევს და შეამოწმებს ხუთი კაცისაგან შემდგარი სპეციალური კომისია, რომელსაც ყოველწლიურად, არა უგვიანეს 15 დეკემბრისა, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი შექმნის.
კომისია დალომპლექტდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან. კერძოდ, მის შემადგენლობაში შევა არასამთავრობო ორგანიზაციის სამი და აკადემიური წრეების ორი წარმომადგენელი. კომისიის შემადგენლობაში ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მხოლოდ ერთი წევრით უნდა იყოს წარმოდგენილი, თითოეული წევრის კი მაქსიმუმ ორჯერ უნდა აირჩეს. აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრობა, ამ საქმიანობაში მისი მონაწილეობა ანაზღაურებადი სამუშაო არ იქნება.
დადგენილების თანახმად, შერჩეული დეკლარაციების რაოდენობა თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5 %-ს არ უნდა აღემატებოდეს, საიდანაც 1/2 შეირჩევა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა დეკლარაციებიდან, ხოლო 1/2 – განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით - როგორიცაა, მაგალითად, განსაკუთრებული კორუფციული რისკი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და განხორციელებული მონიტორინგით გამოვლენილი დარღვევები.
მონიტორინგს მხოლოდ იმ პირის დეკლარაცია დაექვემდებარება, რომელიც შერჩევის მომენტისთვისაა თანამდებობის პირი ან მისი გათავისუფლების მომენტიდან ერთ წელზე მეტი არ არის გასული.
კომისია ვალდებულია თავის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიში, რომელიც ბიუროს ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს, ყოველი წლის 15 იანვრამდე მოამზადოს.
რა მოხდება, თუ დეკლარაციაში აღმოჩნდა შეუსაბამობები ან დამალული ქონება? დადგენილების თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგის შესახებ მის დაწყებამდე ხუთი დღის განმავლობაში თავად თანამდებობის პირსაც ეცნობება. დეკლარაციაში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ამასთან, პირის ქმედებაში დანაშაულის სავარაუდო ნიშნების არსებობის შემთხვევაში, თუ გამოვლენილი უზუსტობა ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით არ არის გამოწვეული, ბიურო ვალდებულია შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები რეაგირებისათვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს.
მთავრობის დადგენილება 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, თუმცა გარდამავალი 2017 წლისათვის მონიტორინგი მხოლოდ დასაბუთებული წერილობითი განცხადებითა და ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევით შერჩეულ დეკლარაციებს შეეხება.