საქართველოს ტურიზმი, როგორც ცნობილია, სეზონურია და ტურისტთა საკმაოდ დიდი ნაწილი ზამთრის კურორტებზე დასასვენებლად ჩამოდის. ტურიზმის სამსახური ავრცელებს 2017 წლის იანვრის სტატისტიკას, რომლის თანახმადაც, ტურისტთა რაოდენობა საქართველოში იზრდება:
2017 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოს 387,070 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 63,911-ით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +19.8 %-ია).
იანვრის თვის მაჩვენებლებით, +32.4% ით არის გაზრდილი იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების, რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაყვეს საქართველოში. მათმა რაოდენობამ 154,083 შეადგინა.
2017 წლის იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტი სამეზობლოდან - აზერბაიჯანიდან (+7.1%), თურქეთიდან (-0.8 %), სომხეთიდან (+31.4 %), რუსეთიდან (+40.3 %) და უკრაინიდან (+28.2 %) - განხორციელდა.
როგორც ტურიზმის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით იანვარში გამოირჩეოდნენ: ლიტვა +47%, ბულგარეთი +32 %, გერმანია +32 %, პოლონეთი +25 % და გაერთიანებული სამეფო +23 %.
გარდა ამისა, განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი +617 %, უზბეკეთი +231 %, ინდოეთი +158 %, ისრაელი +83 % , ჩინეთი +78 %, ყაზახეთი +32 %, ბელარუსი 25 %. ეს ზრდა, ცხადია, იმითაც არის განპირობებული, რომ გასულ წლებში სავიზო შეზღუდვების გამო, რომელიც ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ მიიღო, აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ტურისტთა რაოდენობა შედარებით შემცირებული იყო.
პარალელურად, სტატისტიკის ეროვნული სამსახური აჯამებს გასული წლის მაჩვენებლებს: 2016 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 817 მილიონ დოლარს (ზრდა +10.1), რაც 75 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2016 წლის სამი კვარტალის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.7 მილიარდ დოლარს (ზრდა +11.7), რაც 177 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2016 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, შეადგენს 7.8 %-ს. ზრდა, წინა წელთან შედარებით, +14.7 %-ია.
2016 წლის სამი კვარტალის ჯამური მონაცემებით კი, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.3 % შეადგინა. ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, +10.5 %-ია.
2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა145,175 ათასი ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, +26 %-იანი ზრდა დაფიქსირდა.
მთლიანად 2016 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,6 მილიარდამდე ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, +11.4%-იანი ზრდით.
შესაბამისად, ტურიზმის სტატისტიკა ზრდადია და მისი წილი მშპ-ში, დაახლოებით, სოფლის მეურნეობის წილის ხელაა, სადაც, როგორც ცნობილია, მოსახლეობის 45 პროცენტზე მეტია დასაქმებული. შესაბამისად, ტურიზმს საქართველოში აშკარად აქვს პოტენციალი და ამ პოტენციალის სწორი გამოყენება უახლოესი წლების მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება.