მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პერსპექტივა საქართველოში

ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებისა და მეორეზე ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მთავრობა აპირებს მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პერსპექტივა შეისწავლოს.

Your browser doesn’t support HTML5

მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პერსპექტივა საქართველოში

საქართველოს მთავრობასა და სს „კავკასიის მზის კომპანიას“ შორის საქართველოში ასაშენებელი მზის ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმით გათვალისწინებული იქნება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება შემდეგი მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მიზნით: „ქსნის მზის ელექტროსადგური“, „მარნეულის მზის ელექტროსადგური“; კასპის მზის ელექტროსადგური; „გლდანის მზის ელექტროსადგური“; „ახალციხის მზის ელექტროსადგური 1“; „ახალციხის მზის ელექტროსადგური 2“; „გარდაბნის მზის ელექტროსადგური 1“; „გარდაბნის მზის ელექტროსადგური 2“.
სს „კავკასიის მზის კომპანიას“ მიეცემა უფლება 18 თვის განმავლობაში შესაბამის ტერიტორიებზე სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები ჩაატაროს და ისინი საქართველოს მთავრობას წარუდგინოს, რის საფუძველზეც მიღებული იქნება გადაწყვეტილება მშენებლობის თაობაზე. მშენებლობის შემთხვევაში თითოეული სადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 50მ გვტ იქნება.

კვლევები სოფელ ქსნის, მარნეული-რუსთავის, ახალციხე-ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიებზე და კასპისა და თბილისის მუნიციპალიტეტებში ჩატარდება.

საქართველოში, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მზის ეფექტური და ხანგრძლივი გამოსხივება საკმაოდ მაღალია. ექსპერტების ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რაიონებში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-დან 280 დღემდე მერყეობს, რაც წელიწადში დღის ხანგრძლივობის მიხედვით, დაახლოებით, 1 900-2 200 საათს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე მზის წლიური ჯამური რადიაცია, რეგიონების მიხედვით, 1 250-1 800 კვტ.სთ/მ2 დიაპაზონში მერყეობს, ხოლო მზის საშუალო რადიაცია დღეში 4,2 კვტ.სთ/მ2-ს უტოლდება. მზის ენერგიის სრული წლიური პოტენციალი საქართველოში შეფასებულია 108 მვტ-ით, რაც წლიურად 34 ათასი ტ. პირობითი სათბობის ეკვივალენტურია.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აღმოსავლეთი საქართველო გაცილებით მზიანია, ვიდრე დასავლეთი.

სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, გასული საუკუნის ბოლო წლებში საქართველოში ფართოდ გავრცელდა მზის ენერგიით თბომომარაგების სისტემები.

მზის ენერგია საქართველოში შესაძლებლობას იძლევა მივიღოთ 40-500 C ტემპერატურის წყალი. საქართველოს პირობებში, მთაგორიან ადგილებში მდებარე, ძნელად მისასვლელი და მცირედ დასახლებული სოფლების, გეოლოგიური პარტიების, მწყემსების, სამთამადნო სამუშაოების, სამხედრო-საველე პირობების, კავშირგაბმულობის (სატელეკომუნიკაციო) სარეტრანსლაციო სადგურების, საავარიო სიტუაციების ენერგიით მომარაგების ოპტიმალური ვარიანტია მზის ენერგიის გარდამქმნელები.