პრემიები და დანამატები - მონიტორინგის ქვეშ

იუსტიციის სახლი

პრემია და დანამატი დასაქმებული ადამიანის წახალისების მექანიზმებია და, შესაბამისად, მის გაცემაში, ზოგადად, კრიმინალური არაფერია, მათ შორის, არც საჯარო სექტორსა და საბიუჯეტო დაფინანსების მქონე ორგანიზაციებში, თუ მიდგომა ობიექტურია და საყოველთაო. თუმცა სიტუაციაში, როცა მთავრობა სახელმწიფო ხარჯების 10 %-იან შემცირებაზე ლაპარაკობს და ამ მიზნით საჯარო სექტორში დასაქმებულთა, მათ შორის, რიგით მოხელეთა ხელფასების და/ან რაოდენობის შემცირებაზეა საუბარი, სახელმწიფო სტრუქტურებში გაცემული პრემიები და დანამატები ყურადღებას იპყრობს და ლუპის ქვეშ დაკვირვების საგანიც ხდება.

გუშინ ორგანიზაცია „მედიატორმა“ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელიც, მათი თქმით, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისგან გამოყოფილ მონაცემებს ასახავს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ორგანიზაცია შემდეგ ინფორმაციას აქვეყნებს:

გასული წლის 11 თვეში 22 სსიპ-ში პრემია-დანამატის სახით გაცემულია 34 მილიონ 608 ათასი ლარი, საიდანაც 18.4 მილიონი დანამატია, ხოლო 16.2 მილიონამდე ლარი პრემია.
მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს სამ სსიპ-ში 2016 წლის იანვრიდან, ნოემბრის ჩათვლით, შრომის ანაზღაურების მუხლიდან, ჯამში, გაცემულია 6.9 მილიონ ლარზე მეტი. უფრო კონკრეტულად: ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო - 3 მილიონი ლარი, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური - 3.4 მილიონ ლარზე მეტი, ფინანსთა სამინისტროს აკადემია - 429 ათასი ლარი. რაც შეეხება კიდევ ერთ სსიპ-ს, შემოსავლების სამსახურს, 2016 წლის იანვრიდან, ნოემბრის ჩათვლით, მხოლოდ პრემია-დანამატის სახით, ჯამში, გაცემულია 26.1 მილიონი ლარი, საიდანაც 13.5 მილიონი ლარი დანამატია, ხოლო 12.6 მილიონის ფარგლებში - პრემია. რაც შეეხება სარგოს, 11 თვეში ხელფასის სახით 38.2 მილიონი ლარი გაიცა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ექვს სსიპ-ში 11 თვეში პრემია-დანამატის სახით გაცემულია 3.6 მილიონი ლარი, საიდანაც დანამატი 3.2 მილიონ ლარამდეა, ხოლო პრემია 441 ათას ლარს შეადგენს. როგორც საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, პრემია-დანამატის ჯამური თანხის 85 % დანამატია, რაც ნიშნავს, რომ ძირითადი სარგებელი მიიღეს თანამდებობის პირებმა, რადგან რიგითი თანამშრომლები დანამატს არ იღებენ. პრემია-დანამატის გარდა, 2016 წლის 11 თვეში სამინისტროს ექვს სსიპ-ში გაცემულია 15.4 მილიონი ლარის ხელფასი.
ენერგეტიკის სამინისტროს სსიპ "ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში" 2016 წლის იანვრიდან, ნოემბრის ჩათვლით, თანამდებობის პირებზე პრემია-დანამატის სახით გაცემულია 30.720 ლარი.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექვს სსიპ-ში გაცემულია 2.9 მილიონ ლარამდე პრემია-დანამატი, საიდანაც დანამატი 1.7 მილიონ ლარამდეა, ხოლო პრემია 1.2 მილიონ ლარს შეადგენს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხუთ სსიპ-ში გაცემულია 1.2 მილიონი ლარის პრემია-დანამატი (აქედან პრემია არის 1.2 მილიონ ლარამდე).

როგორც აღვნიშნეთ, ზოგადად, სტიმულირების ფინანსური ფორმები არა მხოლოდ დასაშვები, არამედ აუცილებელია, მათ შორის, ანტიკორუფციული პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარეც, თუმცა მისი გონივრულობაც არანაკლებ მნიშვნელოვნია.