2016 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა არაერთი საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომელიც მოქალაქეებისთვის საგადასახადო რეჟიმის ცვლილებასა და სხვადასხვა ტიპის რეგულაციებს უკავშირდებოდა. მათი ამოქმედება 2017 წელს ეტაპობრივად არის გათვალისწინებული. ახალი წლის პირველ დღეებში გავიხსენოთ ცვლილებები, რომლებიც უკვე 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. მათ შორის მოსახლეობისთვის ყველაზე ხელშესახები შემდეგი ცვლილებებია:
Your browser doesn’t support HTML5
1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი, სათამაშო ბიზნესზე კი მოსაკრებლის ოდენობა გაიზარდა.
„საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებებით, ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზარდა, რაც სიგარეტის ფასს ჯერ კიდევ მის ამოქმედებამდე შეეხო, ახლა კი სრულფასოვნად აისახება.
რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე, - 80-დან 200 ლარამდე.
ამ ცვლილებამ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდასა და ლარის კურსის ვარდნასთან ერთად, უკვე პოვა ასახვა ნავთობის საცალო ფასზე და ბენზინის ფასი 2 ლარ და 20 თეთრამდე ავიდა. ეს თანხა ჯერ კიდევ არ აჭარბებს 2012 წლამდე მაჩვენებელს, თუმცა მხოლოდ იმის წყალობით, რომ ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე იმჟამინდელს მნიშნელოვნად ჩამოუვარდება.
იზრდება გადასახადი, ასევე, სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში. ტოტალიზატორი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას მიღებული ფსონების ჯამი დაიბეგრება 10 %-ით და, ასევე, 30 %-ით იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განაკვეთი მაგიდებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ავტომობილებს, თუ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ თავდაპირველ პროექტში აქციზის გადასახადი იზრდებოდა თითქმის ყველა ასაკის მსუბუქ ავტომობილზე, საპარლამენტო განხილვების შედეგად, ავტოპარკის განახლების მოტივით მთავრობა დათანხმდა, რომ გადასახადის გაზრდა მხოლოდ 6 წლისა და უფრო ხანდაზმული მანქანების იმპორტს შეეხოს.
ძრავის მოცულობის თითოეული კუბური სანტიმეტრის მიხედვით, განაკვეთი 6-8 წლის მანქანებზე 0.8 ლარამდე, 9 წლის - 0.9 ლარამდე, 10 წლის - 1.1 ლარამდე; 11 წლის - 1.3 ლარამდე,12 წლის - 1.5 ლარამდე, 13 წლის - 1.8 ლარამდე, 14 წლის - 2.1 ლარამდე და 14 წელზე ზევით ყველა ასაკის მანქანაზე 2.4 ლარამდე გაიზრდება.
მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე კი აქციზის განაკვეთი სტანდარტული განაკვეთის სამმაგი ოდენობით განისაზღვრება. საგადასახადო კოდექსში მიღებული ცვლილებები ითვალისწინებს, ასევე, ახალი გადასახადის დაწესებას მანქანაზე იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთა ოჯახის წლიური შემოსავალიც 40 000 ლარზე მეტია. საბოლოო ვერსიის თანახმად, ეს გადასახადი იქნება არა ფიქსირებული, როგორც ეს თავდაპირველ პროექტში იყო ასახული, არამედ დადგინდება ავტომანქანის ღირებულებიდან გამომდინარე.
გადასახადების ზრდაზე მნიშვნელოვან იმედებს ამყარებენ ფინანსთა სამინისტროში. აქ ვარაუდობენ, რომ 2017 წლიდან დაგეგმილი თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გაზრდა, იმპორტის ნაწილობრივი შემცირების გათვალისწინებით, დამატებით 200 მლნ ლარამდე შემოსავალს იძლევა. ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდიდან 2017 წელს, დამატებით, 45 მლნ ლარის შემოსავლის მობილიზებას ელიან, ხოლო ნავთობპროდუქტებიდან, დამატებით, - 250 მლნ ლარის.
2017 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა კიდევ ერთი საგადასახადო ცვლილება - ახალი წლიდან მოგების გადასახადის ე. წ. ესტონური მოდელი ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია/საწარმო მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას მოახდენს, აღნიშნული გადასახადისგან გათავისუფლდება. ერთი მხრივ, ეს ბიზნესისთვის შეღავათი უნდა იყოს, მეორე მხრივ კი, მეწარმეებმა მოგება უკვე ყოველთვიურად უნდა დათვალონ და არა ყოველწლიურად და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ საგადასახადო სამსახურში.