იწყება ცხოველთა იდენტიფიცირება-რეგისტრაციის მასშტაბური პროექტი

ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მწარმოებლებმა შეძლონ აუცილებელი ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილება. ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა DCFTA-ით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი მოთხოვნებია. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

Your browser doesn’t support HTML5

ქვეყანაში ცხოველთა იდენტიფიციება-რეგისტრაციის მასშტაბური პროექტი იწყება

სწორედ ამიტომ, საინტერესოა ახალი ოთხწლიანი პროექტი, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა ჯანმრთელობის სტანდარტების გასაუმჯობესებლად განახორციელებს.

პროექტი საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.

პროექტის ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით (ყველა პირუტყვისთვის საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭება); იდენტიფიცირებულ ცხოველებზე გაიცემა შესაბამისი დოკუმენტი, პასპორტი, სადაც მითითებული იქნება ცხოველის საკუთრების და გადაადგილების ისტორია და აღნიშნული იქნება ცხოველის საიდენტიფიკაციო კოდი; უნიკალური, საიდენტიფიკაციო კოდი მიენიჭებათ მეურნეობებს, ფერმებს, ბაზრობებს, სასაკლაოებს და სასაზღვრო საინფორმაციო პოსტებს; შეიქმნება ერთიანი ელექტრონული მონაცემების ბაზა, სადაც მეცხოველეობის ფერმებისა და ცხოველების შესახებ მთელი ინფორმაცია მოიყრის თავს.

პროექტის ფარგლებში, ყველა დაინტერესებული მხარე - სასაკლაოები, სასაზღვრო ინსპექციის პოსტები და ბაზრები, რომლებიც სისტემის მომხმარებლები არიან, გაივლიან შესაბამის ტრენინგებს, ახალ ელექტრონულ სისტემასთან ადაპტირების და მისი სათანადო გამოყენების მიზნით.

პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან (NFA) მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელებს.

დონორები და ხელისუფლება იმედოვნებენ, რომ ცხოველების იდენტიფიცირება და რეგისტრირება ხელს შეუწყობს მეცხოველეობის დარგში ისეთი ტიპის აქტივობებს, როგორიცაა ბაზრებზე გაუმჯობესებული წვდომა, პროდუქტიულობის მაჩვენებლების აღრიცხვა, ცხოველების მოშენება, ქურდობის პრევენცია და ცხოველთა ღირებულების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ხოლო სათანადო მართვის პირობებში - ცხოველთა პროდუქტიულობის გაუმჯობესებაც.