საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა იზრდება, ექსპორტი კი მცირდება, რაც - ალბათ, ყველასთვის ნათელია - ქვეყნის სავაჭრო ბალანსისა და ვალუტის სიმყარისთვის არ არის კარგი ამბავი. თუმცა სტატისტიკოსები გვარწმუნებენ, რომ ამ მკვეთრი დისბალანსის მიზეზი C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტია, რომელიც ჰუმანიტარული პროექტია და, შესაბამისად, ფულადი გამოხატულებით სავაჭრო ბალანსის გაუარესებაში არ ასახულა.
Your browser doesn’t support HTML5
გუშინ, 19 სექტემბერს, გამოქვეყნდა 2016 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემები, რომელთა თანახმად, 2016 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7 მილიარდ 426 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 მილიარდ 312 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და 10 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე, ხოლო იმპორტი 6 მილიარდ 114 მლნ აშშ დოლარია და 23 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.
განსახილველ პერიოდში შემოვიდა C ჰეპატიტის მედიკამენტები, რომლის გარეშეც იმპორტმა 4 მილიარდ 556 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
შესაბამისად, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-აგვისტოში 4 მილიონ 802 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა, რეექსპორტის გარეშე, 1 მილიარდ 44 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ექსპორტზე საუბრის დროს ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ საქონლის გადახედვა, თუ რას ვყიდით და რას ვყიდულობთ საქართველოში. უკვე ვწერდით, რომ საქართველოს სავაჭრო ხუთეულში ჩინეთმა დაიწყო ადგილის დამკვიდრება, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს როგორც პროდუქციის, ისე ვაჭრობის ბალანსი ქვეყანაში.
დღეისთვის კი, 2016 წლის იანვარ-აგვისტოში, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 205 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 112 მლნ აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იყო. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 103 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი შემცირებულია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გასული წლის იანვარ-აგვისტოში მსუბუქი ავტომობილების წილი მთლიან ექსპორტში 8.6 % იყო, ხოლო თანხობრივმა მაჩვენებელმა 125 მლნ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია ასევე ფეროშენადნობების, თხილის და მინერალური წყლების ექსპორტი საქართველოდან.
რაც შეეხება იმპორტს, უკვე აღვნიშნეთ, რომ უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-აგვისტოში კვლავ სამკურნალო საშუალებები იყო , რომლის იმპორტმა 1 მილიარდ 730 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 28 პროცენტი შეადგინა. აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი 1 მილიარდ 558 მლნ აშშ დოლარია. ამ მაჩვენებლით მედიკამენტებმა ტრადიციულად პირველ ადგილზე მყოფი პროდუქტი მეორეზე გადაანაცვლა - საუბარია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, 356 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 298 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი). უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებში მოხვდა, ასევე, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სატელეფონო აპარატები ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის, მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან, სიგარეტები და ხორბალი.
2016 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან კანადა (1მილიარდ 305 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (1მილიარდ 025 მლნ აშშ დოლარი, რუსეთი (538 მლნ აშშ დოლარი), ჩინეთი (482 538 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (361 მლნ აშშ დოლარი), ირლანდია (302 მლნ აშშ დოლარი), გერმანია (299 მლნ აშშ დოლარი), უკრაინა (284 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (239 მლნ აშშ დოლარი), იტალია (215 მლნ აშშ დოლარი).