8 თვის ვაჭრობის მონაცემები

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2016 წელს 8 თვის ვაჭრობის მონაცემებს აქვეყნებს.საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან კანადა (1 მილიარდ 304 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (891 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (460 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, 2016 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70 პროცენტი შეადგინა.

ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: კანადა, თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, ირლანდია, გერმანია, უკრაინა, სომხეთი და იტალია.

კანადის წილის ასეთმა გაზრდამ, ცხადია, წარმოშვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო კანადასთან სავაჭრო ურთიერთობისას.

2016 წლის იანვარ-ივლისის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოდან კანადაში ექსპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის არის: დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქრო, ფეროშენადნობები, თხილი, ნატურალური ღვინოები და მინერალური წყლები. კანადიდან საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს კი სამკურნალო საშუალებები, გაყინული თევზი, ღორის ხორცი, მსუბუქი ავტომობილები და შინაური ფრინველის ხორცი შეადგენს.

ზოგადად, საქართველოს საექსპორტო სამეულში ძირითადად პირველადი მოპოვების პროდუქცია და რეექსპორტია, კერძოდ:

2016 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა.
საქსტატის ინფორმაციით, სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა 171 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15 პროცენტი შეადგინა.

საექსპორტო ათეულში მეორე ადგილი ფეროშენადნობების ექსპორტმა დაიკავა, რომელიც 100 მლნ აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 87 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს, საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-ივლისში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 1 მილიარდ 708 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 32 პროცენტი შეადგინა. აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტმა 1 მილიარდ 558 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. წამლების ექსპორტის მონაცემი ბოლო თვეების მანძილზე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს იმპორტის სტრუქტურას. მეორე ადგილზე იყო ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი, 306 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი); მესამე ადგილზე კი, 257 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი), მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა.