მთავრობამ ბიზნესთან საგადასახადო ცვლილებების ეტაპები შეათანხმა

ფინანსთა სამინისტრო

მოგების გადასახადის რეფორმა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო საფინანსო სექტორზე 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გავრცელდება - ესაა საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიზნესასოციაციებთან შეხვედრის შემდეგ გაახმაურა.

ფინანსთა მინისტრმა დააზუსტა, რომ კანონპროექტით განსაზღვრული საგადასახადო ცვლილებები სამ ეტაპად ამოქმედდება. პირველ ეტაპზე ეს შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადს, ანუ ძირითადი საშუალებების იმპორტის დროს დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა საჭირო აღარ იქნება და, ამავე დროს, ეს იქნება ადმინისტრირების გარკვეული გამარტივება. აღნიშნული ცვლილება, ფინანსთა მინისტრის თქმით, კანონპროექტის მიღებისთანავე ამოქმედდება. მეორე ეტაპი იქნება მოგების გადასახადის ჩანაცვლება განაწილებული მოგების გადასახადით, რომელიც 2017 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდება. საფინანსო სექტორზე კანონპროექტი გავრცელდება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, ანუ 2 წლის განმავლობაში საფინანსო სექტორი დაბეგვრის ძველ რეჟიმში დარჩება.

ალბათ, გახსოვთ, რომ ამ ცვლილებების ირგვლივ საზოგადოებაში საკმაოდ ბევრი კითხვა გაჩნდა. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურებოდა კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ითხოვდეს ბიზნესი მოგების გადასახადთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათის მიღების ნაცვლად გადავადებას.

ხელისუფლებისა და ბიზნესს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ ითხოვდა "საქართველოს ბიზნესასოციაცია" მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედებას არა პირველი ივლისიდან, არამედ პირველი იანვრიდან. მისი თქმით, ცვლილებების პირველი ივლისიდან შესვლის შემთხვევაში, თუ ბიზნესს ახალ რეალობასთან ადაპტირებისას პრობლემები გაუჩნდა, ცვლილებების განხორციელების რესურსი ახალი პარლამენტის არჩევამდე და მის ამოქმედებამდე შეზღუდული იქნება და ამან პრობლემები, შესაძლოა, უფრო დაამძიმოს.

რაც შეეხება ე. წ. ესტონურ მოდელს, საქართველოში მისი მხოლოდ ნაწილობრივ ადაპტირება მოხდება. თავად მოდელი სხვადასხვა საკითხებს აერთიანებს, მათ შორის ექსპერტები გამოყოფენ შემდეგს: მისი ძირითადი მახასიათებელია შედარებით დაბალი კორპორაციული საგადასახადო განაკვეთი - 21 %, რომელიც არ ითვალისწინებს დივიდენდიდან მიღებული შემოსავლის ორმაგ დაბეგვრას; თითქმის 21 %–იანია საშემოსავლო გადასახადი ბინაზე;ქონების გადასახადი ბეგრავს მხოლოდ მიწის ღირებულებას და არა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ღირებულებას; 100 %–ით გათავისუფლებულია უცხოური მოგება.

ესტონური მოდელი მხოლოდ დაბალი განაკვეთებით არ ხასიათდება, ის ასევე უზრუნველყოფს ნეიტრალურად სტრუქტურირებულ საგადასახადო სისტემას, რომელსაც დანაზოგებისა და ინვესტიციებისადმი თანაბარმნიშვნელოვანი მიდგომა აქვს. ესტონეთი ბეგრავს მხოლოდ განაწილებულ მოგებას 21 %–ით,ანუ, მარტივად რომ ითქვას, რეინვესტირების შემთხვევაში მოგება გადასახადისგან თავისუფლდება, რაც ქართული მოდელის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ესტონეთი ასევე 100 %–ით ათავისუფლებს ყველა უცხოეთიდან მიღებულ შემოსავალს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ახალი საგადასახადო შეღავათის ამოქმედების გადავადებას, ბიზნესასოციაციის მსგავსად, ბიზნესის ყველა წარმომადგენელი, ცხადია, აღფრთოვანებით არ შეჰგებებია.