„დანერგე მომავალი“ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ გუშინ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ქვეტექსტითაც იპყრობს ყურადღებას, რადგან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას ეხება: შიდა ქართლის რეგიონში 430 ჰა მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება. 84-მა ბენეფიციარმა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, დაფინანსება მიიღო, ჯამურად - 2 მილიონ 881 ათასი ლარი. შიდა ქართლში - გორის, ქარელის, კასპის და ხაშურის რაიონებში - წლის ბოლომდე ვაშლი, ქლიავი, ატამი, ბალი და ნუში გაშენდება, ხოლო უშუალოდ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, პროექტ დანერგე მომავლის ფარგლებში, 16-მა ბენეფიციარმა უკვე 74 ჰა ფართობის ხეხილის ბაღები გააშენა.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა „დანერგე მომავალი“, ახალი ნერგების ჩაყრის გარდა, სარწყავი სისტემის მოწესრიგებაში ხელშეწყობასაც გულისხმობს, ეს კი ყველაზე მძიმე პრობლემაა შიდა ქართლის (და არამხოლოდ ამ) რეგიონში, მით უმეტეს, რომ სარწყავი სისტემის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ განხორციელება პროგრამისა „დანერგე მომავალი“ 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში- თბილისის, რუსთავის, ბათუმის,ქუთაისის და ფოთის გარდა - მაქსიმალურად ხელი შეუწყოს სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივ გამოყენებას, მრავალწლოვანი ბაღების გაშენებას და სანერგე მეურნეობების მოწყობას.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
• ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70 %-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50 %-ს;
• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.
პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის 2016 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღისა და 30-40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის მოწყობა.

ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ამან ხელი უნდა შეუწყოს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.

ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გასაშენებელი ფართობი, დღეის მონაცემებით, შეადგენს 1292 ჰა-ს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 6,4 მილიონ ლარს აღემატება.