შემოსავლები ექსპორტიდან და ფულადი გზავნილები 2016 წლის იანვარში

სარფის საბაჟო საქართველო-თურქეთის საზღვარზე

საერთაშორისო წყაროებიდან ფინანსების შემოდინება ყოველთვიურად მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხვდება, რაც სულაც არ არის გასაკვირი, რადგან სწორედ ამ შემოდინებებზეა დამოკიდებული ეკონომიკის მდგრადობა და ლარის კურსის ბედიც.

იანვარი, ზოგადად, ყოველთვის მძიმე თვეა ამ თვალსაზრისით. ეს თვე ეკონომიკური აქტივობის შესუსტებით და საგადასახადო შემოსავლების სიმცირითაც გამოირჩევა ხოლმე, რაც პირდაპირ ბმაშია სადღესას წაულო ციკლთან.შესაბამისად, იანვრის თვის ეკონომიკური მდგომარეობით მთელ წელზე შთაბეჭდილების შექმნა, ცხადია, არასწორია, თუმცა გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარება გარკვეულ დინამიკაზე დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა ჯერჯერობით 2016 წლის იანვრის მხოლოდ ძირითადი მონაცემები გამოაქვეყნა. ამ მონაცემების თანახმად, ექსპორტის კლების ტენდენცია, რომელიც გასული წლის გაზაფხულიდან დაფიქსირდა, კვლავ უცვლელია.

ამ მონაცემების მიხედვით, 2016 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 528 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე 24 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 122 მლნ. აშშ დოლარი იყო (22 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 406 მლნ. აშშ დოლარი (25 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარში 283 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.

დიდი ალბათობით, ამ მაჩვენებელზე, რუსეთის და უკრაინის გარდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია აზერბაიჯანში შემცირებულმა ექსპორტმა, რაც, თავის მხრივ,აზერბაიჯანის ეკონომიკური პრობლემებითა და საქართველოდან ცოცხალი საქონლის ექსპორტის აკრძალვით იყო განპირობებული.

ამ სტატისტიკის დეტალური ანალიზის შესაძლებლობა ექსპორტ-იმპორტის დეტალური მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდება, მანამდე კი ცნობილია ფულადი გზავნილების მოცულობა:

მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 66.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 162.1 მლნ ლარი, შეადგინა, რაც 11.8 პროცენტით (8.9 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2015 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.1 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 88.8 პროცენტი მოდიოდა.

საინტერესოა, რომ, გასულ წელთან შედარებით, ძირითადად საბერძნეთიდან შემოდინებული თანხებია შემცირებული, პირველ ადგილზე კი იტალიიდან შემოსული გზავნილებია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციის თანახმადვე, 2016 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 11.9 მლნ აშშ დოლარი (29.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.5 მლნ აშშ დოლარისა (24.3 მლნ ლარისა) გასული წლის იანვარში.