ხელისუფლება „თავისუფალი ტურისტული ზონების შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებების შეტანას აპირებს. ცვლილებების მიზანი ინვესტორებისთვის პირობების გაუმჯობესება და ტურიზმის სფეროში მეტი ინვესტიციის შემოსვლაა. ეს განსაკუთრებით ეხება თავისუფალ ტურისტულ ზონებს, რომელიც თავის დროზე სწორედ ტურისტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად შემოიღო ქვეყანამ და ძირითადად შემდეგ ტერიტორიებზეა საუბარი: ქობულეთის, ანაკლიის, განმუხურისა და საქართველოს რამდენიმე სხვა ტერიტორია. დღეის მდგომარეობით, სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში შემოსული ინვესტიციების რაოდენობა, ერთად, პირდაპირი ინვესტიციების ჯამური რაოდენობის სულ 5 პროცენტს შეადგენს და, მაგალითად, 2015 წლის მეორე კვარტალში 18 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
"თავისუფალ ტურისტულ ზონებში ინვესტიციის განვითარების ხელშეწყობის შესახებ" კანონი თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის პირობებს, ასევე საგადასახადო და სხვა შეღავათებს ადგენს. მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტით, კანონის მოქმედების სფერო ფართოვდება და იგი არა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, არამედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გავრცელდება.
დღეს მოქმედი კანონით, ინვესტორი ვალდებულია თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმროს ტერიტორიაზე სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობა განახორციელოს, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით კი, ინვესტორი ასეთი ვალდებულებისგან თავისუფლდება. სასტუმროსთან თავსებადი საქმიანობის ნუსხას დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განსაზღვრავს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ნუსხა ინვესტორებს დამატებით ბარიერებს უქმნის იმ კუთხით, რომ ავალდებულებს მათ სასტუმროში განახორციელონ ისეთი საქმიანობა, როგორიც არის კაზინო, ასევე მოაწყონ საცურაო აუზი ან აკვაპარკი, მაშინ როდესაც შესაძლოა ამის საჭიროება არ არსებობდეს და ინვესტორის ხარჯს მნიშვნელოვნად ზრდიდეს. მეორე მხრივ, აღნიშნულ ნუსხაში გათვალისწინებულია ოთახის გაქირავება და კვება, რაც ისედაც საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს შემადგენელ ნაწილია.
რაც შეეხება თავისუფალ ტურისტულ ზონებში საშეღავათო პირობებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, კანონში ზუსტდება, რომ ინვესტორები ქონებისა და მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან 2026 წლის 1 იანვრამდე იქნებიან გათავისუფლებული. გარდა ამისა, სასტუმროს მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში, დამატებითი ვადის ზედა ზღვარი - სამი თვე - აღარ იქნება დაწესებული. დღეს მოქმედი კანონით, ინვესტორს, დადგენილ ვადაში სასტუმროს დაუსრულებლობის შემთხვევაში, ქონების მმართველი 3-თვიან დამატებით ვადას აძლევს, პარლამენტში ინიცირებული პროექტით კი, ინვესტორს დამატებითი ვადა ქონების მმართველის გადაწყვეტილებით განესაზღვრება. შესაბამისად, ეს ვადა შესაძლოა 3 თვეზე მეტიც იყოს.
ინიციატორები ვარაუდობენ, რომ ეს პოტენციურ ინვესტორებს გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს. ხოლო ხარისხს და პირობებს, რომელიც მათ უნდა შექმნან ადგილზე, სავარაუდოდ, ბაზარი დაარეგულირებს.