ევროკავშირი საქართველოს მორიგ ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს - 8 მილიონი ევრო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას მოხმარდება. ეს არის ENPARD პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 52 მილიონი ევროს ნაწილი. ENPARD- ევროპის სამეზობლო პროგრამა - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხუთწლიანი პროგრამაა (2013 წლის მარტი-2018 წლის მარტი), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ფერმერებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის პირობებში.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 2015 წლის ევროკავშირის პროგრამის - ENPARD-ის - დამოუკიდებელ ანგარიშში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინ, რაც გულისხმობს 888 ფერმერული კოოპერატივის ჩამოყალიბებასა და 54 რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის შექმნას.
2014 წლის განმავლობაში ქვეყანაში 3.4 მილიარდი ლარის პირველადი აგროპროდუქცია შეიქმნა, დამატებით 4.5 მილიარდი ლარის აგროპროდუქტი გამოუშვა გადამამუშავებელმა მრეწველობამ. ჯამურად, აგროწარმოების ზრდამ შარშან 10 % შეადგინა. 2014 წელს აგროპროდუქციის ექსპორტი, შარშანდელთან შედარებით, 6,7 %-ით გაიზარდა, რამაც ამ სეგმენტში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი შეამცირა, 2013 წელთან შედარებით, 7.3 %-ით, ხოლო, 2012-თან შედარებით, - 37%-ით. ამის მიუხედავად, 2014 წელს შემცირებული იყო ერთწლიანი კულტურების წარმოება, მრავალწლოვანი კულტურებიდან კი - ციტრუსის წარმოება.
2014 წელს უცხოელმა ინვესტორებმა ქვეყნის აგროსფეროში 19 მილიონი ა.შ.შ. დოლარი დააბანდეს, მაშინ როცა 2013 წელს ინვესტიციები ამ სექტორში 12 მილიონ ა.შ.შ. დოლარს არ აღემატებოდა. ამის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული ინვესტიციები კვლავ ძალიან მცირეა და მთლიანი უცხოური ინვესტიციების ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენს. ასევე დაბალია სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში. 2014 წელს სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 9,2 პროცენტს შეადგენდა, რაც, 2013 წელთან შედარებით, 0,2-პროცენტიანი კლებაა.
ევროკავშირის ელჩის ინფორმაციით, თითქმის დასრულდა მუშაობა ENPARD-II პროგრამის დაწყებაზეც, რომლის საერთო მოცულობა60 მლნ ევროა. ENPARD-II-ის ფარგლებში მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება სოფლის განვითარება, სოფლად სიღარიბის დაძლევა. ეს მოიცავს ყველა კომპონენტს, არამარტო სოფლის მეურნეობის დარგს.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის გარდა, 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობის სფეროში 267.5 მლნ ლარის გამოყოფა. აქედან 255 მლნ ლარი საბიუჯეტო სახსრებია, 3,3 მლნ - საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი გრანტი, ხოლო 23 მლნ ლარამდე - კრედიტი.