ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სამოქალაქო ავიაციაში მგზავრთა ნაკადების სტატისტიკას აქვეყნებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიმართულებით მგზავრთა ნაკადებსა და ავიაკომპანიებზე. მოგეხსენებათ, გასული წლის ბოლოს ავიაკომპანია „აირზენა - ჯორჯიან ეარვეის“ ლაპარაკობდა კომპანიის გაკოტრების საშიშროებაზე, რაც გამოწვეული იყო რუსული ავიაკომპანიებისთვის ფრენის შეუზღუდავი შესაძლებლობის მიცემით. შესაბამისად, საინტერესოა სტატისტიკის მიმოხილვა, რაც მოგვცემს საშუალებას დავინახოთ საავიაციო ბაზრის ღიაობის რეალური ეფექტი.
სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთის მიმართულებით მგზავრთა ნაკადი 92 %-ით გაიზარდა.
2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში მგზავრთა ნაკადი თბილისიდან რუსეთის მიმართულებით (მათ შორის: მოსკოვი, სამარა, სანქტ-პეტერბურგი, როსტოვი), 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 92 %-ით გაიზარდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა თბილისი - მოსკოვის მიმართულებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობაში დაფიქსირდა: 84 პროცენტი.
თბილისი - მოსკოვის მიმართულებით რეისებს 4 კომპანია ახორციელებს. ყველაზე მეტი მგზავრი - 52 436 - „ჯორჯიან ეარვეისს“ ჰყავს გადაყვანილი. მეორე ადგილზეა „სიბირის“ ავიახაზები, გადაყვანილი 50 516 მგზავრით, მესამეზე კი - "აეროფლოტი“, 47 899 მგზავრით. მეოთხე და ყველაზე ნაკლები მგზავრი გადაყვანილი ჰყავს „ტრანსაეროს“ - 28 751 მგზავრი. სტატისტიკის თანახმად, ავიაკომპანია „აირზენას“ მგზავრთა ნაკადი რუსეთის მიმართულებით 32 პროცენტით, ხოლო უშუალოდ მოსკოვის მიმართულებით 15 პროცენტით გაიზარდა. გაზრდილია ვიზიტორების რიცხვი - 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში 642 934 ვიზიტორი იყო. აღნიშნულ პერიოდში მათმა მთლიანმა დანახარჯმა ქვეყნის ეკონომიკაში 756 733 318 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სხვა მიმართულებებს: არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულების მგზავრთა ნაკადი იანვარ-აგვისტოს პერიოდში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (33 203 მგზავრი), გაზრდილია 64 %-ით (54 559 მგზავრი). ზრდა აღინიშნა ასევე ისრაელის მიმართულებით - დაახლოებით 32 %-ით (67 474 – 2015 წ.; 50 840 – 2014 წ.); ასევე აღსანიშნავია ყაზახეთის მიმართულება - მგზვრთა ნაკადი 21 %-ით (33 649 – 2015 წ.; 27 728- 2014 წ.) გაიზარდა.2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 1 501 748 მგზავრი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 10 %-ით მეტია (1 365 213 მგზავრი). რიგ შემთხვევებში მგზავრთა ნაკადის ზრდა გამოწვეულია შედარებით დაბალფასიანი ავიაკომპანიის შემოსვლით, სავიზო რეჟიმის გამარტივებით ან საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების ქვეყნის, პოპულარიზაციით. ამასთან, მისასალმებელია, რომ ავიაციის სფეროში ღია ცის პოლიტიკის განხორციელებამ და კონკურენციის ზრდამ განაპირობა ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა, რაც აისახა ფასების შემცირებასა და მგზავრთა ნაკადის ზრდაზე.